თეგი: რიკოთი

რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ცნობისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს, 07:00 საათიდან უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.  

შსს: რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა. უწყების ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე მონაკვეთი ამ დროისთვის გაწმენდილია და რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს. „რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა. შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. სამუშაო პროცესს ადგილზე, ამ დრომდე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ხელმძღვანელობენ. ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს. ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა

სოფელ ვერტყვიჭალასთან გზის გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), რომელმაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია. „ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მოცემულ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის უღელტეხილი) განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლა გრძელდება. "კვლევებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებიც პირველად დასკვნას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს წარმოადგენენ. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენაზე მსჯელობა. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს მეწყრული უბანი, მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია უწევს და მისი მოწვევით, მეწყრული უბნის შესწავლაში ჩართულები არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან აიკრძალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში. „ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყრულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, შაბათს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება შემდეგი რეჟიმით: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით. ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. მსუბუქ ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერეს-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს. კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რიკოთი ისევ დაიკეტა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით.  

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, მსუბუქი ტრანსპორტისთვის კი, 13 აპრილიდან გაიხსნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება. „თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) მოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის. ვინაიდან 11 აპრილს ვერ მოხერხდა სატვირთო ავტოტრანსპორტის დადგენილი რეჟიმით გატარება, 12 აპრილს რიკოთის მონაკვეთის გავლით, მთელი დღის და ღამის განმავლობაში, იმოძრავებენ მხოლოდ სატვირთო მანქანები. მსუბუქი ავტოტრანსპორტი 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს. 13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით“, - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.  

სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო - გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა, რომ სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის საპროექტო გადაწყვეტილება და თავად პროექტი, „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით, საერთაშორისო დონის საგზაო ინჟინერიაში ერთ-ერთმა დიდმა ამერიკულმა კომპანია „აეკომმა“ მოამზადა. „ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა ეს პროექტები გადაწყვეტილი. ამასთანავე, „აზიის განვითარების ბანკისა“ და „მსოფლიო ბანკის“ მოწვევით, შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია და გადახედვა მოახდინეს“, - განაცხადა წერეთელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა, მიმდინარე პროცესები კი მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელია, თუმცა არსებული პროცესების მართვა და მონიტორინგი უცხოური საზედამხედველო კომპანიების მიერ 24 საათის განმავლობაში წარმოებს. „პროექტირების ეტაპზე, გეოლოგიური კვლევისთვის ტერიტორია დაახლოებით 250 ხიმინჯოვანი ბურღით გაიბურღა, რაც უპრეცედენტოა. არსებობს გეოლოგიური რუკა. შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები გაწერილია საპროექტო გადაწყვეტილებაში, რის მიხედვითაც მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის სამშენებლო პროცესი და როცა სამთო გზები კეთდება, ვმუშაობთ მთიან რეგიონში, ასეთი ინციდენტები შესაძლებელია მოხდეს. ჩვენ ვართ ფრთხილად იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო ზიანი და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება. სწორედ ამის გამო მოგვიწია რამდენჯერმე მოძრაობის გადართვა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.  

რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გაიხსნა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით, რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ახალი რეჟიმი: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე (ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. „გუშინ, 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისათვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ მოძრაობა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გაგრძელებულიყო. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, შეუფერხებელი საავტომობილო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

გადაადგილება მხოლოდ სურამსა და ვერტყვიჭალასთან არის შენელებული - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ამჟამად, მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალას კვანძებთან არის შენელებული, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს აგრძელებენ. ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით. მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფლად მიმდინარეობდა - გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილის 7 საათიდან დაიწყო. დღის პირველ ნახევარში, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებული იყო მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან. ამასთან, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24 საათიან მკაცრ მონიტორინგს. „ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით: მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ასევე, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დასრულდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მონკვეთზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბავშვებს, რომლებსაც პირველ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში სექტემბრიდან შევიდნენ

ბავშვებს, რომლებსაც წელს პირველ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში 2023 წლის სექტემბრიდან შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განმარტებით, პროცესი ნებაყოფლობითი იქნება და მშობლებს შეეძლებათ ბავშვები სკოლაში წაიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ. „სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ბავშვის სასკოლო ასაკს ეხება, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. წელს, ბავშვებს, რომლებსაც პირველ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში შევიდნენ. მოგეხსენებათ, ეს წესი აქამდე პირველ ოქტომბრამდე მოქმედებდა და ის ერთი თვით გავახანგრძლივეთ. იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც 800 სკოლის აშენებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს, ჩვენ ნელ-ნელა ამ ვადას გავახანგრძლივებთ. მაქსიმალური გადაწევის საშუალება 31 დეკემბრამდეა. გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი იქნება. მშობლები არჩევანში სრულად თავისუფლები იქნებიან. შეუძლიათ, ბავშვი სკოლაში შეიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.  

გზების დეპარტამენტი: ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობა შეზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება. გზების დეპარტამენტი: ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობა შეზღუდა შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილებისთვის დაწესებული სპეციალური რეჟიმის მოქმედებისას, მსუბუქ ავტომობილებს მოძრაობა 06:00 საათიდან - 21:00 საათამდე შეუძლიათ, ხოლო სატვირთო ავტომობილებს 23:00 საათიდან - 05:00 საათამდე.  

გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები რიკოთის უღელტეხილის შესახებ - საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარე

საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რიკოთი დაკეტილია, არასწორია. მისი ინფორმაციით, რიკოთზე მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, დილის 6 საათიდან, საღამოს 9 საათამდე მოძრაობენ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე გიორგი წერეთლის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს რიკოთის უღელტეხილი დაკეტილია. რიკოთის საგზაო მონაკვეთზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი. „იცით, რომ გზის 149-ე კმ-ზე, თოვლის დნობის შემდეგ, არსებული (ძველი) გზიდან 200 მეტრის ზევით, აღმოჩენილი იქნა, ნაპრალები. შესაძლებელი იყო მეწყრული პროცესების განვითარება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება რიკოთის უღელტეხილის დროებით დაკეტვის შესახებ. გავაფართოვეთ გზა, გავაფართოვეთ ბუფერული ზონა და ამის შემდეგ დავაწესეთ მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო უსაფრთხოება. დღეს ეს რეჟიმი არის შემდეგნაირი - დილის 7 საათიდან საღამოს 9 სააათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ, ხოლო საღამოს 11 საათიდან დილის 6 საათამდე - მოძრაობენ უკვე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები,“ - განაცხადა შოვის სტიქიის ზონაში მყოფმა გიორგი წერეთელმა მედიასთან. მის კომენტარს საავტომობილი გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებია, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და ადამიანების მიერ გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები რიკოთის უღელტეხილის შესახებ. „ცდილობენ, შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება. რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაო გეგმაზომიერად მიმდინარეობს.“ „გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე იქნება გახსნილი, შესული ექსპლუატაციაში. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება. მთლიანობაში, რიკოთის უღელტეხილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა დაფინანსებული. ესენია: მსოფლიოს ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათივე მეთვალყურეობის ქვეშ შერჩეული იქნა საპროექტო ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო ნდობის საპროექტო ორგანიზაციები არიან. აღნიშნული დონორი ორგანიზაციების მიერ მოხდა პროექტის ხელახლა გადახედვა, რევიზია, რომელმაც დადებითი დასკვნა გასცა. ამაში მონაწილეობდა არაერთი სპეციალისტი და გამოცდილი ადამიანები – ბრიტანელები, ავსტრალიელები, იტალიელები. შესაბამისი დონორი ორგანიზაციების წესით მოხდა ყველა კომპანიის შერჩევა,“ – განაცხადა გიორგი წერეთელმა. მისივე განცხადებით, სამშენებლო სამუშაოს მწარმოებელი ჩინური კომპანიები, რომლებთანაც კონტრაქტია გაფორმებული, სანქცირებულთა სიაში არ იმყოფებოდნენ. „მათთან კონტრაქტი მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდა, რაც შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან ყველა პროცედურა შეთანხმდა“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა. „რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2019 წლიდან მიმდინარეობს. 97 ხიდი, 51 გვირაბი შენდება.“ გზების დეპარტამენტი: ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობა შეზღუდა რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა  

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება. სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი. სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს," - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

28 ოქტომბერს, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა. ხევი-შორაპნის 4 ზოლიანი, 27 კმ-იანი მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს. „ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით შეამცირებს. ის დააკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთებს. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. დღეისათვის, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია, 83 ხიდი კი, უკვე აშენებული. სამშენებლო სამუშაო ინტენსიურად გრძელდება და პროექტი 2024 წელს დასრულდება,“ - წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალებისა და გზების მშენებლობას და განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან, 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე მონაკვეთი იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი,“ -  მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ასეთი მასშტაბის, ასეთი სირთულის, გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი.“ პრემიერის განცხადებით, ჯამში 2013 წლიდან 16 000 კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა.

ევროკავშირის ელჩი: რიკოთის მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების რელიზაციაში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრატეგიაა, ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკასა და სატრანსპორტო სექტორში, საქართველოში კი, აღნიშნული სტრატეგია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების მეშვეობით ხორციელდება. ელჩის თქმით, რიკოთის მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების რელიზაციაში, რაც აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. „ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის, ევროკავშირთან საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობის მოწმეები ვართ. ეს ხდება იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია ევროპის პირველი „გლობალური კარიბჭის ფორუმი“, რომელიც ბრიუსელში გაიმართა და სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა, ისევე როგორც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართა. „გლობალური კარიბჭე“ გახლავთ ევროკავშირის სტრატეგია, რომ დაუკავშირდეს სხვადასხვა ნაწილს ევროკავშირში, ევროპული სტრატეგია, რომ ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკაში და სატრანსპორტო სექტორში და გააძლიეროს ჯანმრთელობის, განათლებისა და კვლევის სისტემები მსოფლიო მასშტაბით. გვიყვარს ამის თქმა - ძლიერები ვართ ერთად მდგრადი განვითარების მეშვეობით. საქართველოში აღნიშნული სტრატეგია ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების მეშვეობით მისი საფლაგმანო პროექტების გათვალისწინებით, რომელიც მიბმულია საერთაშორისო დაკავშირებადობასთან. აქ შედის აღნიშნული ჩქაროსნული მაგისტრალი აღმოსავლეთ-დასავლეთის. ეს მაგისტრალი გახლავთ გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელისა, რომელიც გვაძლევს რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობებს გაზრდილი დაკავშირებადობის მეშვეობით. როგორც ბატონი პრემიერის მიერ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დროს იყო აღნიშნული, საქართველო მიისწრაფვის, რომ გახდეს სატრანზიტო ჰაბი და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტების ცენტრი. აღნიშნული ინვესტიცია ძირითადად ასევე შევსებულია ევროკავშირის გრანტებით, რომელიც ეძღვნება საგზაო უსაფრთხოების ზომებს და სერიოზულად შეიტანს წვლილს რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებაში. ამავე დროს, შეარბილებს რისკებს, რომლებიც ასოცირებულია საგზაო მოძრაობასთან. მადლიერნი ვართ ევროპული საინვესტიციო ბანკის, რომელიც აღნიშნულ ინვესტიციებს აფინანსებს. აღნიშნული მაგისტრალის განვითარება პირდაპირ წვლილის შემტანია ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმების რეალიზებაში. ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. მინდა, გავიმეორო ციტატა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“ თქვა. მან ევროპელი პოეტის, გოეთეს ციტირება მოახდინა - „ვინც არ მიდის წინ, მიდის უკან“. მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

EIB-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რიკოთის მაგისტრალზე: ევროპული მაგისტრალი რეალობა გახდა

ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაჩეი ჩურამ რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გახსნაზე განაცხადა, რომ ეს არის ძალიან კარგად ნაბიჯი საქართველოს დაკავშირებადობის გაფართოების. „ძალზედ მოხარული ვარ, რომ დღე აქ ვიმყოფები ევროპის საინვესტიციო ბანკის სახელით და მოწმე ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, რომელსაც შევარქვი სახელი „საქართველოს ევროპული მაგისტრალი“ - ეს გახდა რეალობა, რომელსაც მივყავართ დასრულებამდე, ანუ ძალიან სერიოზული ტრანსევროპული ქსელის ნაწილისა და ძირითადი ნაწილისა შუა დერეფნის, რომელიც გაიხსნება ევროპის „გლობალური კარიბჭის ფორუმისა“ და „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შემდეგ. გილოცავთ. გამომდინარე საქართველო-ევროპის თანამშრომლობის პრიორიტეტებისა, ევროპულმა ბანკმა დაამტკიცა პირველი სესხი 2011 წელს, რომელსაც მხარი უნდა დაეჭირა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებისთვის. ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც სრულიად გარანტირებულია ევროკავშირის მიერ, 1 მლრდ ევროს მიაღწია და რომელიც შევსებული იყო 42 მლნ ევროპული გრანტებით. ბოლო გრანტს ხელი მოეწერა გლობალური ფორუმის დროს ბრიუსელში. უბისა-შორაპანის სექცია გახლავთ ერთ-ერთი, რომელსაც აფინანსებს ბანკი, რომელიც მაგალითად იყო გრიგოლეთი-ქობულეთი, ჩუმათელეთი-ხევი, ზემო ოსიაური- ჩუმათელეთი და ასევე ხანგრძლივი თვალსაზრისით სხვა სექციები აღნიშნული მაგისტრალის. იგი ფინანსდება EIB Global-ის მიერ, როგორც ჩვენი ხანგრძლივი ვალდებულებების ჭრილში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობას. ევროპული საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ ტერეზა ჩერვინსკას სახელით მინდა მივესალმო ამ ეტაპს, ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის თვალსაზრისი სატრანსპორტო სექტორში, რომელიც აახლოებს ევროკავშირსა და საქართველოს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა, საყრდენისა. მას წვლილი შეაქვს ლოკალურ მობილობაში, ეკონომიკურ ზრდაში. დასკვნის სახით, მინდა, მაღალი შეფასება მივცე ჩვენი გუნდის თანამშრომლობას რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობას ვუსვამ ხაზს, რომლებიც მხარს უჭერდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებას. ეს არის ძალიან კარგად ნაბიჯი საქართველოს დაკავშირებადობის გაფართოების, ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაფართოების, რაც არის საინვესტიციო გეგმის ნაწილი“, - განაცხადა მაჩეი ჩურამ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა  

როლანდ პრაისი: რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით, რიკოთის მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს

„მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2, 3 მილიარდ დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტიდან დაეხმარა ამ პროექტს,“ - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა როლანდ პრაისმა, რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა. „საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება გახლავთ ეროვნული რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის. ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამ განვითარებისა გახლავთ - შემცირება დისტანციისა მგზავრობის დროის და ასევე გაუმჯობესება უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმოგზაუროს ქვეყნის მასშტაბით. ამას ექნება პოზიტიური გავლენა ბიზნესებზე, საქონლის ტრანსპორტირებაზე და წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარების საქმეში, რაც გახლავთ ძალიან სერიოზული წვლილის შემტანი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში. რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით, აღნიშნული მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ჩინეთს ევროპასთან, მას ექნება ძალიან სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.  მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2, 3 მილიარდ დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტიდან დაეხმარა ამ პროექტს, მაგრამ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით ძლიერი პარტნიორობის გარეშე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებული ხელმძღვანელობის გარეშე. რიკოთის მონაკვეთის F 0 -ის და F 1 სექციის დასრულებას ველით მსოფლიო ბანკი და იმედი მაქვს, რომ ასევე აღვნიშნავთ ამას. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას მთავრობასთან, რათა მოვახდინოთ რეალიზაცია ტრანსფორმაციული პროექტების, რომელიც წვლილს შეიტანს საქართველოს ხალხის ამბიციურ ხედვაში ხალხის წინსვლისა, საქართველოს მოსახლეობის წინსვლისა და აყვავებისთვის,“ - განაცხადა პრაისმა. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლესლი ბეარმან ლაჰმმა განაცხადა, რომ ეს საუკუნის პროექტია. „აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა განსაზღვრავს საქართველოს მოძრაობას, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთ კონტექსტს აი ამ გზის. რამდენიმე ციფრს გაგიზიარებთ მნიშვნელობას ამ გზისას, 60 პროცენტი მოსახლოებისა ცხოვრობს 20 კილომეტრზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე გადის 60 პროცენტი ტრანზიტისა 25 პროცენტი საერთაშორისო გზებისა საქართველოსი ADB-მ 800 მილიონის ინვესტიცია მოახდინა 2009 წლიდან და ეს გახლავთ ქობულეთის შემოვლითი გზა განსაკუთრებით, რომელმაც მოგვცა საშუალება. თავიდან აგვეცილებინა საცობები, ბათუმის შემოვლითი გზა, რომელმაც ბათუმიდან გადაისროლა მძიმე სატვირთო მანქანები შემოვლით გზაზე, ხევი უბისაში 35 ხიდია და 20 გვირაბი, შორაპანი არგვეთა, რომელიც ძალიან კარგად მიდის წინ და დასრულდება შემდეგ თვეებში. როგორც მოვისმინეთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის როლი შუა დერეფანის შესაძლებლობას გაზრდის და ჩვენ ამას ვაღიარებთ. ჩვენ გვინდა, ვაჩვენოთ ეს სატრანსფორმაციო პროექტები, ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც შემდეგ წელს გაიმართება”, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმმა. რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა  

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვა გაუქმდა

რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

3-5 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.