თეგი: ტურისტები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: თებერვალში, უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 274.8 პროცენტით გაიზარდა

2022 წლის თებერვალში საქართველოში 151 870 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 274.8 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 78 571 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 72 326, საზღვაო გზით – 414 და სარკინიგზო გზით – 559. კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 29 606 ვიზიტორი, რუსეთი – 20 876 ვიზიტორი, სომხეთი – 17 366 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 15 856 ვიზიტორი, ისრაელი – 8 779 ვიზიტორი, უკრაინა – 8 601 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 7 562 ვიზიტორი, ყაზახეთი – 4 121 ვიზიტორი, ბელარუსი – 3 446 ვიზიტორი, ირანი – 3 272 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 2 728 ვიზიტორი, უზბეკეთი – 2 723 ვიზიტორი, პოლონეთი – 2 080 ვიზიტორი, ინდოეთი – 2 017 ვიზიტორი, ფილიპინები – 1 716 ვიზიტორი.

„ვოიაჟერი“: საუდის არაბეთიდან ტურისტების მიერ ჯავშნების გაუქმებას ვერ დავადასტურებთ

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, კომპანია „ვოიაჟერის“ დირექტორმა  სოფო აზარაშვილმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთიდან ტურისტებს მისი კომპანიისთვის ჯავშნის გაუქმების შესახებ არ მოუმართავთ. „ამ პერიოდის განმავლობაში საუდის არაბეთიდან ბევრ ტურისტს ვუმასპინძლეთ. მსგავსი კომენტარი, რომ ისინი აუქმებენ ჯავშანს ფრენაზე და აღარ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას, არცერთი ჩვენი ტურისტისგან არ მოგვისმენია. არცერთი ჯავშანი არ გაუქმებულა საუდის არაბეთიდან და შესაბამისად ვერ დავადასტურებთ, ინფორმაციას, რომ ამ ქვეყნიდან ტურისტები საქართველოში ჯავშნებს აუქმებენ“, - აღნიშნა სოფო აზარაშვილმა. Europetime-მა გალფის ქვეყნებიდან [არაბთა გაერთიანებული საემიროები, ომანი, ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი] ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ შემომყვან კომპანია „ვოიაჟერს“ კითხვით მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთმა საქართველო მოწყვლადი ქვეყნების სიაში შეიყვანა და ერთ დღეში ამ ქვეყნიდან საქართველოში ჯავშანი 40-მა ადამიანმა გააუქმა. გასულ კვირას გამოცემა saudigazette-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე და ბათუმში, ევროპის მოედანზე ბავშვებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე შემწეობას ითხოვდნენ, საუდის არაბეთის მოქალაქეები გაძარცვეს. ამიტომ საელჩო საუდის არაბეთიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს აფრთხილებს, რომ ასეთი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, თავი აარიდონ საეჭვო ადგილებში გადაადგილებას და არ იქონიონ თან დიდი თანხა და ძვირფასი სამკაულები. ოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველო მოწყვლადი ქვეყნების სიაშია, თბილისში საუდის არაბეთის საელჩოს ვებგვერდზე არ იძებნება.  Europetime-ს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტას ვერ გააკეთებენ, რადგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ.  Europetime-მა შეკითხვით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასაც მიმართა, რა ვითარებაა საუდის არაბეთიდან ტურისტების ვიზიტებთან დაკავშირებით. კომენტარს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ოთხ თვეში საქართველოს საუდის არაბეთიდან სულ 1 929 მოქალაქე ეწვია.  აპრილი - 169; მარტი- 496; თებერვალი -394, იანვარი - 870. აპრილში, საუდის არაბეთიდან ვიზიტორების შემცირებას „ვოიაჟერის“ დირექტორი „რამადანს“  უკავშირებს, როდესაც აპრილ-მაისში საუდის არაბეთიდან ტურისტების ნაკადი მცირდება. პანდემიამდე, 2019 წელს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 10 483 ტურისტი შემოვიდა.

ვენეცია, ​​მსოფლიოში პირველი ქალაქია, სადაც ტურისტებისთვის ვიზიტის საფასური შემოიღეს

ვენეციაში, ერთი დღით ჩასულ ტურისტებს დაეკისრებათ ვალდებულება, რომ ვიზიტი წინასწარ დაჯავშნონ და შესაბამისი მოსაკრებელიც გადაიხადონ. ამის შესახებ Guarddian წერს.  ვენეციის ხელისუფლებამ 1-ელ ივლისს ვენეციაში ერთი დღით ჩამსვლელი ტურისტებისთვის ახალი წესები გაასაჯაროვა, რომელიც ძალაში 2023 წლის იანვარში შევა.  ტურისტებს, რომლებიც არ აპირებენ ღამის გათევას სასტუმროებში ან სხვა საცხოვრებლებში, უნდა დარეგისტრირდნენ ონლაინ რეჟიმში იმ დღისთვის, როდესაც გეგმავენ ჩამოსვლას და ერთ ადამიანზე, დაჯავშნის დროიდან და სეზონიდან გამომდინარე 3-დან 10-ევრომდე გადაიხადონ. დამრღვევებს ემუქრებათ 300 ევრომდე ჯარიმა, თუ ისინი შეჩერდებიან და არ წარმოადგენენ მტკიცებულებას, რომ დაჯავშნეს და გადაიხადეს ვიზიტი QR კოდის გამოყენებით. ცნობილია, რომ ტურისტების დაახლოებით 80% ვენეციაში მხოლოდ ერთი დღით ჩადის. 2019 წელს, პანდემიამდე ბოლო სრულ ტურისტულ წელს, ვენეციას ეწვია 19 მილიონი დღიური მოგზაური. ვენეციის ტურიზმის კომისარმა, სიმონე ვენტურინიმ უარყო ყოველგვარი წინადადება იმის შესახებ, რომ ღონისძიების მიზანია იტალიის ყველაზე მონახულებადი ქალაქში შემოსული ტურისტების რაოდენობის შეზღუდვა. „ვინაიდან სასტუმროებისა და პანსიონატების სტუმრები უკვე იხდიან გადასახადს საცხოვრებელზე, ისინი ვენეციაში ვიზიტის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან“, - განაცახდა სიმონე ვენტურინიმ.    

მაშველებმა ორ დაშავებულ უცხოელ მოლაშქრეს დახმარება აღმოუჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დუშეთის რაიონში, დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ მაშველებმა ორ დაშავებულ უცხოელ მოლაშქრეს დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ მართვის ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების, გარმინის საერთაშორისო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის რაიონში, დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ გადაადგილდებოდა უცხოელ მოლაშქრეთა 30-კაციანი ჯგუფი, რა დროსაც ორი მათგანი გახდა შეუძლოდ და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სჭირდებოდათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, მითითებულ ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით გაემგზავრა. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებოდნენ. მაშველებმა და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს უცხოელ მოლაშქრეთა ჯგუფის ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ორი მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანეს. შეუძლოდ მყოფი მოლაშქრეები ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.  

თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ

თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, 6 ტურისტიდან 2 დაშავებულია. როგორც ცნობილია, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ადგილობრივი მაშველები ვერტმფრენს ითხოვენ.  ამ ეტაზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება. თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისთვის მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს „მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარგად არიან. ახლაც კლინიკაში იმყოფებიან. ქალბატონს ტერფი ჰქონდა მოტეხილი და თაბაშირის ნახვევი დავადეთ, ნორმალურად არის, რენტგენი გადავუღეთ, გულ-მკერდის დაჟეჟილობა აქვს. რაც შეეხება მამაკაცს, რამდენიმე ნეკნი აქვს მოტეხილი, თუმცა ორივე სტაბილურად არის, ოპერაციას, სერიოზულ ჩარევას არ საჭიროებენ“, – განაცხადა მესტიის საავადმყოფოს ქირურგმა, ავთანდილ გვალიამ განაცხადა. მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო  

მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა

მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილი მთასვლელები აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობენ და მაშველთა დახმარება არ ესაჭიროებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ისინი დასახლებული პუნქტის მიმართულებით დამოუკიდებლად გადაადგილდებიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა. მთასვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მწვერვალ თეთნულდიდან 6 მთასვლელიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს“,-აღნიშნულია განცხადებაში. მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი დაიღუპა.  

ფინეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე, რუს ტურისტებს უკრაინის ჰიმნით ხვდებიან

ფინეთში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარ ადგილზე ვიზიტისას, რუსეთის ფედერაციიდან ჩასულ ტურისტებს უკრაინის ჰიმნით ხვდებიან.  ფინეთი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებს ფინეთის ქალაქ იმარტში, ყოველდღიურად, 100 წლიანი დამბისის საკეტები იხსნება და იან სიბელიუსის მუსიკა ისმის. ივლისის ბოლოდან შოუ უკრაინის ჰიმნით იხსნება.  ასევე, მეზობელ ქალაქ ლაპენრანტაში, უკრაინის ჰიმნი მერიასთან ყოველ საღამოს ჟღერს. მუნიციპალიტეტის შენობა რუს ტურისტებში პოპულარულ სავაჭრო ცენტრებს გადაჰყურებს. „მიზანი არის უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა და აგრესიის ომის დაგმობა“, - განაცხადა ლაპენრანტას მერმა კიმო იარვამ. ახლა ბევრი რუსისთვის ფინეთი ევროპის კარიბჭეა, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსული თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაკეტილია. თუმცა ვიზების მქონე რუსებს შეუძლიათ, სახმელეთო საზღვარი გადაკვეთონ და ევროპის მასშტაბით იმოგზაურონ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

რაში ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს უცხოელებმა საქართველოში 2,3 მილიარდი ლარი ($820 მილიონი) დახარჯეს. ვიზიტორებმა ამ თანხიდან უმეტესი წილი ცხოვრების ხარჯებზე, კვებაზე და სასმელზე დახარჯეს.  საანგარიშო პერიოდში, ერთი ვიზიტის დროს, უცხოელების დანახარჯი 2 440,2 ლარს ($870) შეადგენს.  2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთლიანობაში, 2022 წლის აპრილიდან ივნისამდე უცხოელებმა საქართველოს საზღვარი მილიონზე მეტჯერ გადმოკვეთეს. ამასთან, საქართველოს 15 წელს გადაცილებული პირები 922,2-ჯერ ეწვივნენ, რაც 176,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზანი იყო დასვენება, ნათესავებისა და მეგობრების მონახულება, ასევე საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში ტრანზიტი. ტურისტების უმეტესობა თბილისსა და აჭარას მეორე კვარტალში ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 6,2 ღამე გაათენეს. ყველაზე მეტი ვიზიტები განხორციელდა რუსეთიდან - 175,4 ათასი, რაც მთლიანი ვიზიტების 19,3%-ია. 2019 წელს, პანდემიამდე საქართველომ საკუთარი რეკორდი მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ინდუსტრიის შემოსავალი 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა და მოგზაურთა რაოდენობამ  1,7 მილიონი შეადგინა.  ტურიზმიდან 2021 წელს საქართველომ 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.    

პროკურატურა: დაკავებამდე ტაქსის მძღოლმა ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქეები უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ, 500 ლარის გადახდა მოსთხოვა

დაკავებული ტაქსის მძღოლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო არ მიმდინარეობდა. ტაქსის მძღოლმა ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთ სასტუმრომდე მიიყვანა და მათ აპლიკაციაში მითითებული თანხის, 23 ლარის ნაცვლად, 195 ლარის გადახდა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ნაფიც-მსაჯულებმა ერთხმად, 12 ხმით უდანაშაულოდ ცნეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუსი ტურისტები, თბილისის ნაცვლად, გომბორში დატოვა ამასთან, პროკურატურა სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას უწოდებს ტაქსის მძღოლის ადვოკატების განცხადებას, რომელსაც გუშინ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა. მათივე ცნობით, მგზავრებმა პოლიციაში მისვლა და გაუგებრობის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს, თუმცა, მძღოლმა ისინი მათი ნების საწინააღმდეგოდ, ჩაკეტილი კარებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ორი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატების სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ განცხადებას, რომ თითქოსდა, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას - 23 ლარს. აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს. ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა. გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ. 2022 წლის 13 აპრილს, ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა. აქვე ვაცხადებთ, რომ ადვოკატის მხრიდან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება არღვევს ეთიკის ნორმებს. მოვუწოდებთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით ყალბი ამბების შექმნისგან და გავრცელებისგან”, - ნათქვამია პროკურატურის მიერგავრცელებულ განცხადებაში.  

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტული მომსახურების სექტორში, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დაადასტურა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტულ სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა. სააგენტოს ცნობით, საქმე ეხებოდა თბილისში, ტურისტებისთვის ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას. მათივე ინფორმაციით, დამუშავებული მასალების შედეგად, დადასტურდა მომჩივნის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა. „კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს დაასრულა ერთი მოკვლევა – სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში დომინანტური მდგომარეობის სავარაუდოდ, ბოროტად გამოყენების ფაქტზე. დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა ამბულატორულ დაწესებულებებზე ორი რეკომენდაცია გაიცა. ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის სამ საქმეს განიხილავს – საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების  სავარაუდო ფაქტს; სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების სავარაუდო შემთხვევას და ავტო მომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს. ასევე, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად სამი საქმის შესწავლის პროცესი მიმდინარეობს შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევებზე. 2022 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და მოკვლევის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ბუნებრივი/თხევადი აირის საავტომობილო საწვავის ბაზრის და შუშის ნარჩენების ბაზრის მონიტორინგი. ამავე პერიოდში, ოთხი კომპანიის შერწყმაზე გაიცა თანხმობა და მიმდინარეობს საქმისწარმოება ერთ საქმესთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თეთნულდზე ტურისტებს ეძებენ

სვანეთში, თეთნულდზე დაკარგულ სამ ტურისტს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ადგილზე საძიებო სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. ტურისტების გაუჩინარების მიზეზი უცნობია. წყარო - IPN  

თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გარდაცვლილი მთამსვლელების ცხედრები მესტიაში გადაასვენეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ტურისტებთან კავშირი ​რამდენიმე დღის წინ გაწყდა.  

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1.2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა - საქსტატი

2023 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 1.2 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოგზაურების უდიდესი ნაწილი, 48.7%, 31-50 წლის იყო. ასევე, ინფორმაციის თანახმად, მოგზაურების სრული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. „2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2.0-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო ვიზიტორების 79.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. ექსკურსანტების წილმა 15.9% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.3% როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ვიზიტორების ყველაზე დიდი ნაწილი, 220,7 ათასი ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან ეწვია. „საქსტატის“ ცნობით, ვიზიტორების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში იმყოფებოდა. „2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 % შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 15.0%-იანი წილით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში. განხორციელებული ვიზიტების 79.4% განმეორებითი ხასიათის იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.