თეგი: ფრენები

გავრილოვის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება არჩეულ კურსს არ გადაუხვევს, ფრენების აღდგენა შესაძლებელი იქნება

რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, „ფორმულას“ ცნობით, აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არჩეულ კურსს „არ გადაუხვევს და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდება, რუსეთიდან ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი". თბილისში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამის შემდეგ, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 მაისს, რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება. მათივე ცნობით, ამასთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა ლატვიის დედაქალაქში საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები გამართეს. რიგაში, ავიაკომპანია Air Baltic-ისა და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და რიგა-ბათუმის ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ავიაკომპანია Air Baltic რიგადან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ სექტემბრის ბოლომდე იფრენს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ბათუმის მიმართულებაზე მოთხოვნა მაღალია, როგორც ლატვიაში, ისე ესტონეთსა და ლიეტუვაში. შესაბამისად, ავიაკომპანია შიდა დამაკავშირებელი ფრენების დანიშვნას გეგმავს, რათა ტურისტებმა ბათუმში ჩამოფრენა რიგის გავლით, სამივე ქვეყნიდან შეძლონ. რიგაში გამართულ შეხვედრას ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და საქართველოში ლატვიელი ტურისტების შემოყვანის საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის ორგანიზებით გაიმართა. მას საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე ესწრებოდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

დღეს, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა

დღეს, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. Uzbekistan Airways - მა პირდაპირი რეისი ბათუმში ტაშკენტიდან განახორციელა. უზბეკ ტურისტებს ბათუმის აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ. "ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, რაც რეგიონში უზბეკი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. დღეიდან, ბათუმის მიმართულებით ფრენებს ანახლებს ავიაკომპანია Air Astana, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში ასტანადან შეასრულებს. ჯამში, მაისის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 250-ზე მეტი ფრენა 10-მდე ქვეყნიდან განხორციელდება, მათ შორისაა, ორი ახალი რიგისა და ტაშკენტის მიმართულება. აჭარაში პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 49%-ითაა აღდგენილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ივნისში, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

ივნისში, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. ავიაკომპანია Fly Dubai კვირაში სამი სიხშირით ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე იფრენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. "ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავს ავიაკომპანია Air Arabia-ც, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში დუბაიდან შეასრულებს. არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობდა, როგორც ტურიზმის ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ემირატების უმსხვილეს საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან DNATA, რომელიც მილიონობით მგზავრისთვის ბათუმის ტურისტული პაკეტების შეთავაზებას აქტიურად იწყებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საუდის არაბეთმა ისრაელის ავიაკომპანიებს ცა გაუხსნა

საუდის არაბეთში ისრაელის ავიაკომპანებისთვის ცის გახსნის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერ-რიადში ვიზიტის წინ მიიღეს. საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ 15 ივლისს გამოაცხადა, რომ სამეფოს საჰაერო სივრცე "ღია ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ხელისუფლების მოთხოვნებს". მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ერ-რიადმა 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის საფუძველზე მიიღო, რომელიც სამოქალაქო ავიაკომპანიების დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს. „ჯო ბაიდენი მიესალმება საუდის არაბეთის ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ ყველა სამოქალაქო გადამზიდავისთვის, მათ შორის ისრაელისთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა. თეთრი სახლის ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში ისრაელსა და პალესტინას ეწვია და საუდის არაბეთში მოგზაურობას გეგმავს.  

ისრაელმა თურქეთთან ფრენების აღდგენაზე შეთანხმება დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ თურქეთთან ფრენების აღდგენის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა თავის Twitter-ზე განაცხადა. თურქეთთან შეთანხმების საფუძველზე, ისრაელის ავიაკომპანიები, ანკარის მიმართულებით ფრენების უფლებას მიიღებენ „მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება თურქეთსა და ისრაელს შორის საჰაერო კომუნიკაციის დამყარების შესახებ“, - წერს პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, დოკუმენტის ძალაში შესვლით ისრაელის ავიაკომპანიები სტამბოლიდან და თურქეთის სხვა მიმართულებებიდან ფრენებს განაახლებენ. 17 აგვისტოს თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენისა და ორი ქვეყნის ელჩებისა და გენერალური კონსულების დაბრუნების შესახებ განაცხადეს. ასევე ანკარამ და თელ-ავივმა ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  „თურქეთის ავიახაზები“ამჟამად ახორციელებენ ფრენებს ისრაელში.  

ავიაკომპანია Air Moldova მოსკოვში ფრენებს განაახლებს

ავიაკომპანია Air Moldova მოსკოვში ფრენებს პირველი ოქტომბრიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსკოვში ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მრავალრიცხოვანი მიმართვის საფუძველზე მიიღეს. "სახლში დაბრუნების მსურველი მოლდოვის მოქალაქეების მრავალრიცხოვანი მიმართვის საფუძველზე, მოსკოვში ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მივიღეთ", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, მოლდოვამ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეწყვიტა.    

ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ- დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა. ინფორმაციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.  „პირველი ფრენა გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც 80 მგზავრი ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 - გაფრინდა. დღეს, 12:30 ზე ფრენა ათენიდან შესრულდება, 13:30 ზე კი ბორტი ქუთაისიდან ლარნაკაში გაფრინდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა. რეაბილიტაციის პროცესში მოხდა ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. საფუძველზე, სადაც ყველაზე მეტად იყო ბეტონის ფილები დაზიანებული, მოხდა ფილის დემონტაჟი. ამავე ფართზე გამაგრდა საფუძველი ცემენტნარევი ქვიშა ღორღით. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარი. ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტობეტონის 50მმ სისქის საფარი გაკეთდა. გუშინვე დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მარკირება, რის შემდეგაც ფრენების მიღება შესაძლებელი გახდა. რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარი იყო, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა განახორციელა“. ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პერიოდში, 3 კვირის განმავლობაში, ფრენები თბილისის აეროპორტიდან სრულდებოდა“, - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

რუსეთის 11 აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვა, 43-ჯერ გახანგრძლივდა

რუსეთის 11 აეროპორტში ფრენების დროებითი შეზღუდვის რეჟიმი 2022 წლის 21 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო იტყობინება. „რუსეთის 11 აეროპორტში ფრენების დროებითი შეზღუდვის რეჟიმი 2022 წლის 21 ნოემბრამდე, მოსკოვის დროით 03:45 საათამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში. დროებით შეზღუდულია ფრენები ანაპის, ბელგოროდის, ბრაიანსკის, ვორონეჟის, გელენჯიკის, კრასნოდარის, კურსკის, ლიპეცკის, დონის როსტოვის, სიმფეროპოლისა და ელისტას აეროპორტებში. რუსულ ავიაკომპანიებს ურჩევენ, უზრუნველყონ მგზავრების გადაყვანა ალტერნატიულ მარშრუტებზე სოჭის, ვოლგოგრადის, მინერალნიე ვოდის, სტავროპოლისა და მოსკოვის აეროპორტების გამოყენებით. რუსეთის ფედერაციის დანარჩენი აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო, 11 აეროპორტში ფრენების შეზღუდვის მიზეზს არ ასახელებს.  შეგახსენებთ, რომ რუსეთის 11 აეროპორში ფრენების შეიზღუდვა 43-ჯერ გახანგრძლივდა. პირველად ეს რეჟიმი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედდა.   

ჩინეთთან რეგულარული ფრენები 2023 წლიდან აღდგება - მარიამ ქვრივიშვილი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  „სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც,“ - ასე გამოეხმაურა ჩინეთის ავიაკომპანიის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქვეყნის საავიაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა უწყებები აქტიურად საქმიანობენ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად. მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი სამოქალაქო ავიაციის სექტორში. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პანდემიამდე ჩინეთიდან 48,071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 50.9% - იანი მატება იყო 2018 წელთან შედარებით, ხოლო ტოპ 15 ქვეყანას შორის ჩონეთი მეთხუთმეტე ადგილზე პოზიციონირებოდა. ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 2023 წლის 25 მარტამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება. China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, COVID19-ის პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.  

თურქეთში, გოკჩენის აეროპორტში ფრენები შეჩერდა

ტუზლას მახლობლად მილსადენში გაზის გაჟონვის გამო, სტამბოლის საბიჰა გოკჩენის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა. გადაწყვეტილება სიფრთხილის ღონისძიების ფარგლებში მიიღეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდების აფრენის ზონაში გაზის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი დროით 13:05 საათიდან დროებით შეწყდა საჰაერო კომუნიკაცია საჰაერო ნავსადგურთან.  

ძლიერი ნისლის გამო სტამბოლის აეროპორტში, 20-ზე მეტმა თვითმფრინავმა დაშვება ვერ შეძლო

ძლიერი ნისლის გამო სტამბოლის ახალ აეროპორტში 20-ზე მეტი რეისი ვერ შესრულდა.  საბიჰა გოკჩენის აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი თვითმფრინავების მისაღებად დაკეტილია, საჰაერო ნავსადგურიდან ფრენები ერთსაათიანი შესვენების შემდეგ ნორმალურ რეჟიმში განახლდება. „მოველით, რომ სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, - განაცხადეს აეროპორტში. მანამდე, ძლიერი ნისლის გამო დარდანელის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერდა.   

მასშტაბური გაფიცვის გამო ბერლინის აეროპორტში 300-მდე ფრენა გაუქმდა

ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში, მასშტაბური გაფიცვის გამო დღეს დაგეგმილი ყველა სამგზავრო რეისი ან გაუქმდა ან გადაიდო. მედიის ცნობით, გაფიცვა შეეხება 35 000-მდე მგზავრს, რომლებსაც ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გავლით ფრენა ჰქონდათ დაგეგმილი.  გაფიცვა ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში ოთხშაბათს დილის 3:30 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება. 2018 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიაში გაფიცვის გამო 300-მდე ფრენა გაუქმდა.  გაფიცვა პროფკავშირის მიერ იყო ორგანიზებული. მთავარი მოთხოვნაა ხელფასების ზრდა. აეროპორტის თანამშრომლები კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ხელფასის 500 ევროთი გაზრდას ითხოვენ.   

სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები განახლდა

პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნდა. ჩინურმა ავიაკომპანიამ ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა. ინფორმაციას თბილისის აეროპორტი ავრცელებს.  ამასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ხელმძღვანელობა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. China Southern Airlines-ი ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ერთხელ, პარასკევობით იფრენს, ზაფხულის სეზონზე კი - მოთხოვნის შესაბამისად, სიხშირეების გაზრდას გეგმავს.  

Uzbekitstan Airways ქუთაისიდან ფრენების დაწყებას განიხილავს

საქათველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Uzbekitstan Airways-ის ფრენების ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაწყებას განიხილავს. უწყების ცნობით, ეს საკითხი აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ავიაკომპანიის წარმომადგენელთან სერგეი შიროვთან შეხვედრაზე განიხილა."მივესალმებით, რომ Uzbekitstan Airways უახლოეს მომავალში განიხილავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლას. ჩვენთვის ნებისმიერი მიმართულება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. ცენტრალური აზიიდან მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიისთვის საკმაოდ მიმზიდველია. იმედი გვაქვს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან განხილვის ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კიდევ ერთ ახალ ავიაკომპანიას ვიხილავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში",-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.Uzbekistan Airways უზბეკეთის სახელმწიფო კომპანიაა და ის უკვე წლებია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ოპერირებს.“შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ Uzbekistan Airways ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის მიმართულებით ტაშკენტიდან კიდევ 1 სიხშირეს დაამატებს ფრენებს A 321neo-ს ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს”,-წერია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ირაკლი კობახიძე რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის ფრენებთან დაკავშირებით დაწესებული ცალმხრივი სანქცია მოიხსნება, თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, მისასალმებელი იქნება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. „ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსნას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯონ. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული?! არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა არ არის ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენ ჩვენი განცხადება გავაკეთეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის მარტივი - ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს, საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. შეგახსენებთ, რომ 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუ ისინი ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეებისთვის შეღავათი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არის ცხადი. თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, არის მისი საქმე. თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა, არის მისი საქმე. ჩვენ ჩვენს პოზიციას ყველაფერთან დაკავშირებით ვაფიქსირებთ. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს არის დაწესებული სანქცია. თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.  შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და საქართველო მალე შეძლებენ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. გარდა ამისა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას ცნობისთვის, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა არ გამორიცხა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. კიევის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა.  

მედია: Turkish Airlines-მა 5-6 თებერვალს სტამბულის აეროპორტში 240-მდე ფრენა გააუქმა

„თურქეთის ავიახაზებმა“ დღეს გამოაცხადა, რომ 5 და 6 თებერვალს სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში 238 ფრენას აუქმებს. ამის მიზეზად, კომპანია უამინდობას ასახელებს.  გასულ პარასკევს ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ მოსალოდნელია ცვლილებები განრიგში ძლიერი თოვლის გამო, რომელიც სტამბულში 5 თებერვალსაა მოსალოდნელი. კომპანიამ რეკომენდაცია გაუწია მგზავრებს, რომ წინასწარ შეამოწმონ ფრენების სტატუსი თურქეთის ავიახაზების ვებსაიტზე. სტამბულის აეროპორტი მდებარეობს თურქეთის მეტროპოლიის ევროპულ ნაწილში. სტამბულში ასევე მოქმედებს საბიჰა გოკჩენის აეროპორტი, რომელიც მდებარეობს მის აზიურ ნაწილში. ამ საჰაერო ჰაბში ფრენების გაუქმების ან გადაგეგმვის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.  

მომართვის შემთხვევაში, ყველა არასანქცირებული კომპანია შეძლებს პირდაპირი რეისების შესრულებას - ქვრივიშვილი

დღეს ვნახეთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნა ამ ეტაპისთვის მოქმედი შეზღუდვა პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს მიმართულებით და ასევე, მოხსნა სავიზო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში. „მნიშვნელოვანია, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 2010 წლიდან რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს ცალმხრივად ამოქმედებული უვიზო რეჟიმი. ამასთან, 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. დღეს ვნახეთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნა ამ ეტაპისთვის მოქმედი შეზღუდვა პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს მიმართულებით და ასევე, მოხსნა სავიზო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოდგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენი ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და რა თქმა უნდა, გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან და მათი ოჯახის წევრებთან კავშირს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა. რაც შეეხება პირდაპირი ფრენებს, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს არ ჰქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც საუბარია სახმელეთო გადაადგილებაზე. „რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, აქ ნათლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განვმარტოთ ის, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახმელეთო კუთხით და იცით ალბათ, რომ ყოველდღიურად ასობით და თვის ჭრილში, ალბათ, ათასობით მანქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე. პირდაპირი ფრენები ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა. რაც შეეხება ზოგადად პირდაპირ ფრენებს რუსეთის ფედერაციიდან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით. ქვრივიშვილის თქმით, არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან ჯერ არ ყოფილა მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან. „მათ შორის, როგორიც არის: ისრაელი, გაერთიანებული არაბთა საემიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. აქვე, გვინდა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოში არ ოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. ამ ეტაპისთვის არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან. მომართვის შემთხვევაში, ყველა კომპანია და ხომალდები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებული, შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საემიროებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.  

საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა - ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, [რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის მოხსნა] კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას „მახსოვს, თავის დროზე, როდესაც რუსეთმა საქართველო ამოიღო მტრული სახელმწიფოების სიიდან ამასაც მოჰყვა რადიკალების აღშფოთება. სინამდვილეში, ეს იყო იმის გამოხატულება, რომ საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას აქვს თავისი შედეგი და შედეგი არის ის, რომ საქართველოში დღეს ჩვენ არ გვაქვს მეორე ფრონტი, რაც ასე ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის სინამდვილეში ამ ყველაფრის შინაარსი და შედეგი. რაც შეეხება, საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციას, აქ უკვე წამოვიდა სპეკულაციები. ეს სპეკულაციები გაგრძელდება და უფრო მეტიც, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ამის მტკიცებულებებს ნახავთ თქვენ ალბათ ხვალ ზეგ, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, გამოიყენოს ეს თემა იმ კამპანიისთვის, რომელსაც ისინი აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარ კავშირში არ არის. ჩვენ დსთ-ს წევრი არ გავმხდარვართ დღეს. რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება, „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ - დავითაშვილი

დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა , - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ერთი მილიონი თანამემამულე გვყავს რუსეთში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმოსვლა გაადვილდეს - ირაკლი ღარიბაშვილი „რაც შეეხება იმას თუ რა შეიცვალა - 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდა. რუსეთის ოკუპაცია. რუსეთი ოკუპანტად რჩება და პოლიტიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ ჩვენ დღეს განსხვავებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ. ეს სიტუაცია ჩვენთვის 2008 წლიდან ასეთია და არა 2019 წლიდან. ასე რომ ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ ნაწილში, დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ, რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა, რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, აქაც ვართ თანმიმდევრულები და ჩვენ ამაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება“, -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულებაზე უარის თქმა არაპრაგმატული იქნებოდა. „ჩვენც დაახლოებით 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ. დაახლოებით, მილიარდამდე იყო 2019 წელს ტურიზმის შემოსავალი რუსეთის ფედერაციიდან. ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ჩვენს მოტივებზე. მე არ შევალ, მით უმეტეს, პუტინის მოტივაციაში. როგორ უნდა გითხრათ ახლა მე. ეს ხომ არასერიოზული მსჯელობა იქნება ჩემი მხრიდან. ჩვენ თანმიმდევრული ვართ როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებში და ნაბიჯებში, ისე საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილში. ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება ევროკავშირში საბოლოო სრულყოფილი წევრობა, მათ შორის, ჩვენი წევრობის გზაზე ჩვენი სტატუსის პროგრესი და ამ კუთხით, მინდა გითხრათ, რომ მუშაობა ძალიან, ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით მიდის. როცა ვსაუბრობთ ევროკავშირში წევრობაზე ეს დამოკიდებულებაშია უამრავი მოთხოვნის შესრულებასთან“, - განაცხადა დავითაშვილმა. ინფორმაციისთვის, 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.  

რუსეთთან პირდაპირი ფრენების დროს სანქცირებული ბორტები და კომპანიები არ დაიშვებიან - დავითაშვილი

რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად შეწყვიტა ფრენები 2019 წელს და ასევე ცალმხრივად განაახლეს ფრენები, ჩვენ უკვე მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართულისგან, საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა ექსპერტებთან ერთად, რათა შეგვესწავლა, როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება, „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ - დავითაშვილი „ჩვენ ვეფუძნებით ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც რუსეთთან ფრენები აქვთ. ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც კომპანიები არ იქნებიან დაშვებულნი ამ ქვეყნის ბაზარზე. ევროკავშირს აქვს ე.წ. შავი სია, რომლებიც არიან სანქცირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება და ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანხვედრაში „იკაოს“ მოთხოვნებთან. ამიტომ, ბორტები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებასა და სერვისზე, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ. ჩვენ ყველა იმ კომპანიას და ბორტს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საშუალებას მივცემთ, ფრენები განახორციელონ. დღეისთვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებზე. საზოგადოებაში ცალსახა განწყობები არ არის. განსხვავებული აზრებია. კონკრეტული ჯგუფების ღელვა გასაგებია, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილს შეიძლება, საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს პირდაპირი ფრენები. ამას აქვს სოციალური მნიშვნელობა, რადგან ეთნიკურად ქართველები, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ სარგებლობდნენ პირდაპირი მიმოსვლით. ეს მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – განაცხადა მინისტრმა. ერთი მილიონი თანამემამულე გვყავს რუსეთში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმოსვლა გაადვილდეს - ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციისთვის, 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.  

საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო - ჰერჩინსკი

საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი ლევან დავითაშვილს შეხვდება დემარშის განმარტება: რომელიმე სახელმწიფოზე, ან ხელისუფლების ორგანოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დიპლომატიური პროტესტი. „შეხვედრაზე თან მახლდა თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი. ჩვენ გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, მიიღონ პირდაპირი ფრენები რუსეთიდან. ჩვენ გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა. ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ზეწოლა განვახორციელოთ მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე განაგრძობს უკრაინაში. მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აღედგინა ფრენები საქართველოსთან, თუმცა ეს ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, მე დამავალეს გადამეცა გზავნილი, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს  

დღეიდან FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დაიწყო

დღეიდან ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით, პირდაპირი რეგულარული რეისები დაიწყო. ალმათი არის მეხუთე ყაზახური ქალაქი, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას სრულდება. 2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 135 000 მგზავრს მოემსახურა.  

აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო, იტალიაში 100-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

აეროპორტის პერსონალის გაფიცვამ პარასკევს, იტალიაში მრავალი ფრენის გაუქმება გამოიწვია. ინფორმაციას სააგენტო Anadolu აეოპორტის ადმინისტრაციაზე დარყრდნობით ავრცელებს. მილანის მალპენსის აეროპორტში 80 ფრენა გაუქმდა, 68 რეისი კი, ფლორენციასა და პიზაში აღარ შესრულდა. ასევე რეისები გაუქმდა კატანიის აეროპორტში. აეროპორტის თანამშრომლებმა ერთდღიანი გაფიცვა მოაწყვეს და ინფლაციის პირობებში ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.  

27 სექტემბრიდან, საქართველოდან ჩინეთში ფრენები ყოველდღიურად შესრულდება

ავიაკომპანია China Southern Airlines 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამჯერ დაფრინავს. China Southern Airlines საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. დავითაშვილი: შეიძლება, დღეში 10-მდე ფრენა იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი  

EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოსა და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება ოთხი ავიაკომპანიის მიერ, რვა მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში. რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება: Georgian Airways: • თბილისი – მიუნხენი – თბილისი – სამი სიხშირე; • თბილისი – ბერლინი – თბილისი – ორი სიხშირე კვირაში. Wizz Air: • ქუთაისი – ბერლინი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე; • ქუთაისი – დორტმუნდი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე; • ქუთაისი – მემინგემი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე; • ქუთაისი – ჰამბურგი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე; • ქუთაისი – ფრანკფურტი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე. Lufthansa: • მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი – ათი სიხშირე კვირაში. Eurowings: • ბერლინი – თბილისი – ბერლინი – ერთი სიხშირე კვირაში; • დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი – ორი სიხშირე კვირაში. სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება ათი ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.