თეგი: ხორცი

ბაზარზე ხორცი “QR“ კოდით განთავსდება

"ბაზარზე ხორცი “QR“ კოდით განთავსდება, ანუ მომხმარებელს ეცოდინება ცხოველის დაკვლის თარიღი, სასაკლაო, ხორცის ადგილწარმოშობა და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს", - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, ეტიკეტირებისგან განსხვავებით, QR კოდების მოთხოვნა სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. შესაბამისად, სარეალიზაციო ობიექტები თავად განსაზღვრავენ, ექნება თუ არა მათ პროდუქციას QR კოდი. “მოქმედი კანონმდებლობით ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა, ამასთან ერთად, ეტიკეტზე დატანილი იქნება „QR“ კოდი, რაც მომხმარებელს ან დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.) რომლისგანაც მიღებულია ხორცი.ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესს, ხოლო 2017 წლიდან, FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ცხოველთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის და მონაცემთა ერთიანი ბაზის დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო აღრიცხვიანობის და მიკვლევადობის გაუმჯობესებას”, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.  

სეს-მა თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცისა და ხორცპროდუქტების 9 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სეს-ის ცნობით, სამ ობიექტს კრიტიკული შეუსაბმობებისთვის (დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი და შენახვის პირობები) შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე გამოვლინდა და დაილუქა 600 კგ-მდე მავნედ მიჩნეული ხორცი. კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ბიზნესოპერატორებთან: შპს უნივერსალი, ს/კ 454407641 - ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რაფაელ აგლაძის N32, შენობა N38 (ტემპერატურული რეჟიმისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. ი/მ - ხორცის რეალიზაცია, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ფიფიას N17 (გამოვლინდა ვადაგასული სურსათი, ცხოველის ტანხორციდან არ არის მოცილებული განსაკუთრებული მაღალი რისკის მასალა, დაილუქა 600 კგ-მდე ხორცი); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი; შპს კობა, ს/კ 435434558 - ხორცის რეალიზაცია, მის: ქ. თბილისი, ძმები ფიფიების N25 (გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების უხეში დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.  

ბათუმის აგრარულ ბაზარში 2,5 ტონა ხორცი დაილუქა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამართალდამცავების ჩართულობით, გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაილუქა და განადგურდა 2,5 ტონა საეჭვოდ მიჩნეული ხორცი, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  „ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად ააქტიურებს ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლს როგორც სასაკლაოებზე, ასევე ხორცის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში“, - აცხადებს სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებულმა ინსპექტირების ჯგუფებმა ბათუმის აგრარული ბაზარი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც შემოწმდა ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პირობები. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში შემოწმდა 800-მდე ობიექტი, მათ შორის, სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები. დაილუქა 10 000კგ-მდე ხორცი.  

საახალწლოდ ხორცპროდუქტების მოხმარებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხორცი ხშირად იყიდება ისეთ გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცის შეძენისას, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: · ხორცი ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; · ეტიკეტი განთავსებული იყოს თვალსაჩინო ადგილას. ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: · ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი; დამზადებისა და გამოყენების თარიღი და დრო; · თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; · თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია QR კოდის მეშვეობითაც; · სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი. არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ ობიექტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.  

2022 წელს საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 868.7 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 444.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობამ 139.9 ათასი სული შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.7 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.1 პროცენტით ნაკლებია. „2022 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 574.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2.2 პროცენტით ჩამორჩება 2021 წლის შედეგს. ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 23.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით ნაკლებია. 2022 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 74.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.9 პროცენტით აღემატება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 156.2 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია. 2022 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 648.9 მილიონი ცალი და 2021 წელთან შედარებით 0.9 პროცენტით ნაკლები შეადგინა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

2023 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა - საქსტატი

2023 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.2 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, 16.5 პროცენტი - კახეთის რეგიონში, 16.5 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 14.0 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 11.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 23.1 პროცენტი - სხვა რეგიონებშია განთავსებული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 98.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 42.2 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 49.6 პროცენტი - ღორი, ხოლო 7.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. „დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 290.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2023 წლის I კვარტალში 13.6 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 34.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 43.3 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, 21.6 პროცენტი - ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 12.9 ათას პირს, საიდანაც 35.5 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 116 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 33.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 13.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 28.9 ლარი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში 210 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (67.6 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. „მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (13.3 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (4.8 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (4.3 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (3.8 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (3.3 პროცენტი), კახეთის რეგიონში (1.4 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.0 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.5 პროცენტი)“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში მომსახურება 344 მომხმარებელს გაეწია. „მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 787 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 279 კაცით განისაზღვრა. 2023 წლის I კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 85.3 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 48.2 პროცენტი - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 23.0 პროცენტი - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 13.4 პროცენტი - თევზეული, 11.7 პროცენტი - ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა. 2023 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 21.1 პროცენტს - საკუთარი წარმოების, 13.4 პროცენტს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 65.5 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 8.0 მლნ. ლარი შეადგინა. 2023 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 107.5 მლნ. ლარის ღირებულების (21.5 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 23.6 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 35.9 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 40.5 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 60.4 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (47.3 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (33.5 პროცენტი) და თევზეულზე (11.1 პროცენტი) მოდის. საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 8.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 7.7 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 54.2 პროცენტს, თებერვალში - 48.8 პროცენტს, ხოლო მარტში - 49.9 პროცენტს”, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში 37 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (27.0 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. „ელევატორების 24.3 პროცენტი ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 13.5 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 10.8 პროცენტი - კახეთის რეგიონში, 8.1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 5.4 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 5.4 პროცენტი - გურიის რეგიონში, 2.7 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ში და 2.7 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 2023 წლის I კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 15 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 88 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 478 კაცით განისაზღვრა. 2023 წლის I კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 84.8 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 46.1 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 82.6 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა. 2023 წლის I კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 45.2 მლნ. ლარის ღირებულების 35.7 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 58.0 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 83.5 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 54.6 პროცენტს, თებერვალში - 52.3 პროცენტს, ხოლო მარტში - 51.9 პროცენტს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას „საეჭვო წარმომავლობის“ ხორცთან დაკავშირებით აფრთხილებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტო აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ. „შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან. მოკვლევა გრძელდება. ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა. მისი განმარტებით, ფარში შეიძინეს ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში, თუმცა, ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2! ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა, დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.