ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი: რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას

Europetime-მა ევროპარლამენტარ მიჰაილ გალართან (EPP, გერმანია) ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გერმანელმა პოლიტიკოსმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ამ კონტექსტში 2 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების როლი შეაფასა.

რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები, ქვეყნისგან, რომლის ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირი იყო ჩართული და ბოლო პერიოდში მისგან არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, მიჰაილ გალარმა ამის საპასუხოდ რეფორმების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ევროპარლამენტარი ასევე საუბრობს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის პერსპექტივასა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, მათ შორის „საქართველოს ამბიციურ მიზნებზე“.

_ ბატონო მიჰაილ, რა როლი აქვს ამ არჩევნებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში?

ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი ჩარჩო საქართველოსთან - ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ინტეგრაციის, თანამშრომლობისა და რეფორმის უზარმაზარ სპექტრს უზრუნველყოფს, ხოლო რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამ სამეზობლოს სხვა ქვეყნებშიც.

ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმების რეალურ პროცესს. მე ვფიქრობ, როდესაც ქვეყანას აქვს ამბიცია, განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მისი განვითარების გზაზე უნდა იყოს წარმატებული და ვშიშობ, ბოლო თვეები ძალიან არ დაგეხმარათ თქვენი საქმეების წარმოჩენაში.

ამიტომაც მივმართავთ ქართველ პარტნიორებს, შეაფასონ სიტუაცია და იპოვონ წინსვლის გზები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვცდილობთ, განვმუხტოთ დაძაბულობა და ვიპოვოთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის გზები საქართველოში საკითხების მოსაგვარებლად. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც სწორი მიმართულებით გადაიდგმება.

ჩვენ განვახორციელეთ უზარმაზარი ძალისხმევა და ამის დასტურია ევროპული საბჭოს არაერთი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, მაგრამ ასევე კონსტრუქციულნი ვართ ჩვენს მიდგომებში.

_როგორ შეაფასებთ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ამბიციურ მიზნებს?

მათ აქვთ ამბიციური დღის წესრიგი და ჩვენ ამას მივესალმებით, განცხადების გაკეთება ან ამბიციური მიზანი პარტნიორებთან ერთად, ასევე კარგია, მაგრამ ამას არ ახლავს პოზიტიური განვითარებები სხვადასხვა სფეროში, მაგალითად დავასახელებდი სასამართლო სისტემას, როგორც ერთ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს.

_თქვენ ახსენეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას?

პერსპექტივა ჯერჯერობით არ არის ისეთი მკაფიო, როგორც ამას ეს სამი ქვეყანა ისურვებდა. ჩვენ გვაქვს 41-ე მუხლი, ყველა ევროპული ქვეყანა შეიძლება, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს მათთვის, ვინც წევრობისკენ ისწრაფვის და უბრალოდ მუშობს ამ უზარმაზარ და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგზე.

და, თუ ქვეყანა დაინტერესებულია და ნამდვილად მიაღწევს განვითარების ისეთ დონეს, რომ ჩვენ გვექნება რაღაც სათქმელი - „ხედავთ, როგორი წინსწვლა აჩვენეს, როგორ განვითარდნენ“, ასეთ შემთხვევაში ჩვენგან არ იქნებოდა გამართლებული, ასეთი მიმზიდველი ქვეყნები ჩვენთან არ გვყოლოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ამ სიტუაციაში.

ასე რომ, ჩვენ მხარს გიჭერთ, თუმცა უკანასკნელი თვეების და გასული წლის მოვლენები, დაპირისპირება არ წაადგა სასარგებლოდ თქვენს საქმეს. ამიტომაც ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაითვალისწინონ ეს. ჩვენ ვართ მეგობრული პარტნიორები, სხვები არ არიან მეგობრულები და ეს ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.