პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხავიერ კოლომინას NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელად დანიშვნა მიულოცა და მომავალი მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში ჩატარდა, საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადამიანთა უკანონო გატაცებებს, ჯანდაცვის სერვისებსა და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, მშობლიური ენაზე სწავლების აკრძალვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს ეხება.

პრეზიდენტის განცხადებით, მაღალი დონის ვიზიტები და ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები საქართველო - ნატოს მჭიდრო ურთიერთობებზე მეტყველებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატოს მომავალი სამიტის მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესში.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ამ მიმართულებით ალიანსთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებს. ხავიერ კოლომინას განცხადებით, ალიანსისათვის მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობა. პრეზიდენტის თქმით, რეგიონული სტაბილურობისათვის და შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობით სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელება.

ხავიერ კოლომინა მიესალმა საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.

შეხვედრისას ისაუბრეს აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დადებულ ახალი მემორანდუმზე და ხავიერ კოლომინამ აღნიშნული შეთანხმების დადება საქართველოსთვის მნიშვნელოვან წარმატებად შეაფასა.