კახეთში, დროებითი მოთავსების იზოლატორში კაცი გარდაიცვალა

გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი, 41 წლის კაცი სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

წინასწარი ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულს ეპილეფსიური შეტევა განუვითარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კაცი სამართალდამცველებმა 2 დეკემბერს ოჯახში ძალადობის ბრალდებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.

რადიო თავისუფლების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან იყო.