ირაკლი კობახიძე: გამორიცხულია, „ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები მოგვიგოს, ჩვენ მეტი შედეგი გვექნება 2024 წელსა და 2028-შიც

"სინამდვილეში, დაბალი ბარიერის მთავარი პოტენციური ბენეფიციარი არის არა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც 2,5%-ის, ან 3%-ის აღებას ელოდება, არამედ „ნაცმოძრაობა“, რომელიც პრაქტიკულ შანსს ელოდება, რომ რაღაცნაირად, ე.წ. კოალიციის პირობებში მობრუნდეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„სინამდვილეში, „ნაცმოძრაობა“ ფიქრობს, რომ დაბალი ბარიერის მთავარი ბენეფიციარი თვითონ არის. არა იმიტომ, რომ მას 5%-იანი ბარიერის გადალახვა უჭირს, არამედ იმიტომ, რომ ერთადერთი შანსი, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მობრუნების საშუალება ეძლევა, არის სწორედ დაბალი ბარიერის პირობებში. რატომ? – იმიტომ, რომ მას არასდროს არ შეეძლება, ხელისულებაში მობრუნდეს. გამორიცხულია, რომ „ნაცმოძრაობამ“ ჩვენ არჩევნები მოგვიგოს. ჩვენ მეტი შედეგი გვექნება, 2024-შიც და 2028-შიც. „ნაცმოძრაობა“ ჩვენ ვერ გვაჯობებს. როგორც ბოლო არჩევნებზე იყო, ახლა 47% ავიღეთ, „ნაცმოძრაობამ“ კი 31% აიღო. ანუ, ვერც გვიახლოვდება და ვერც დაგვიახლოვდება. ეს მათ იციან და შესაბამისად, ერთადერთი თეორიული შანსი, რომ ისინი ხელისუფლებაში მობრუნდნენ, არის შემდეგი – დაბალი იყოს ბარიერი, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ეს დაბალი ბარიერი გადალახონ მისმა პოტენციურმა სატელიტებმა, როგორიც არის „ლელო“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“ და ასე შემდეგ, მერე კი, მათთან ერთად შექმნას კოალიციური ხელისუფლება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ბარიერის დაწევასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა შესაძლოა, 2022, 2023, ან 2024 წელს მიიღოს მესამე მოსმენით.

მსგავსი: „თავისუფალი ხედვის“ შეკითხვებს ირაკლი კობახიძემ...

„ვნახოთ, ესეც არის დამოკიდებული წინაპირობებზე. ჩვენ უნდა შევხედოთ, არიან თუ არა პოლიტიკური პარტიები მზად საპარლამენტო ცხოვრებაში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის. თუ ისინი ამას აჩვენებენ და როცა აჩვენებენ, რა თქმა უნდა, განახლდება ეს პროცესი. მთავარი არის ეს, რომ მათ აჩვენონ ასეთი მზაობა, დაასრულონ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი და ამას გარდა, უნდა აჩვენონ, რომ შეუძლიათ, სხვადახვა საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაერთონ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით მათ მოქმედებებს“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სურათს უფრო კომპლექსურად უნდა შევხედოთ და ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ 2%-იანი, თუ 3%-იანი ბარიერი, თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში, არ იქნება ქვეყნის განვითარებისთვის საზიანო.

„თუ ამას დაგვანახებს ოპოზიცია, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში დავთანხმდებით დაბალ ბარიერს“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ იმსახურებს პარლამენტში მყოფი დანარჩენი ოპოზიცია, მაგალითად, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“ იმას, რომ ისინი იყვნენ წარმოჩენილი, როგორც კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელთანაც თანამშრომლობა შეიძლება და რატომ არ ხდება საკითხის ასე დაყენება, რომ არსებობს ოპოზიცია, რომელიც მათ შორის, 2%-იან ბარიერს იმსახურებს, რომ ასეთი მომავალ პარლამენტშიც იყოს, რათა თანამშრომლობის პრეცედენტები და პრაქტიკა უფრო გრძელვადიანი იყოს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ესაუბრება და დღესაც მადლობას უხდის იმისთვის, რომ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობის არა ერთი პრეცედენტი ჰქონდა.

„საპარლამენტო მუშაობაში მათი კონსტრუქციული როლი, ბუნებრივია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას პატივს ვცემთ და უფრო მეტიც, ვუფრთხილდებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მათთან განვაგრძობთ საუბარს, იგივე ბარიერთან დაკავშირებითაც და მათი პოზიცია ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.