კელი დეგნანი მთავრობას „მტკიცედ სთხოვს“, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მთავრობას „მტკიცედ სთხოვს“, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს.

როგორც კელი დეგნანი „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში„ხედვა ვაშინგტონიდან“ განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ბრალდებები, რათა „საზოგადოებამ იცოდეს, ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“.

„ჩვენ კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ. მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად ცნო. შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული ბრალდების ხარისხიანობის განსაზღვრა. მან საქმე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეიტანა, რომელიც ამას გადაწყვეტს. ეს არის სათანადო ადგილი ამის გასაკეთებლად. იმ საქმეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოებაშია, მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ მისი სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს და მის წინააღმდეგ ბრალდებები სრულად იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.