რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უბრძანა რუს სამხედროებს, თავისი ბირთვული ძალები "სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანონ - ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC განმარტავს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის განგაშის უმაღლესი დონეა.

სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა განახორციელეს „არამეგობრული ქმედებები" რუსეთის მიმართ და დააწესეს „არალეგიტიმური სანქციები“. რუსეთის ლიდერმა უკვე გამოსცა გაფრთხილება, რომ მზად იყო, გამოეყენებინა ბირთვული იარაღი უკრაინაში. უფრო კონკრეტულად, რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC ამის შესახებ ანალიზს გვთავაზობს.

„გასულ კვირას პუტინმა გააფრთხილა, ყველა „ვინც შეეცდება რუსეთის შეფერხებას“ დაინახავს შედეგებს: „ასეთი თქვენს ისტორიაში არასოდეს გინახავთ“, - მოჰყავს პუტინის ციტატა BBC-ს. 

მისივე თანახმად, მაღალი განგაშის სტატუსზე საჯარო გადასვლა, მოსკოვის მიერ გამაფრთხილებელი მესიჯის გაგზავნას ნიშნავს, რაც სავარაუდოდ, გაუადვილებს თავისი სავარაუდო მიზნის სწრაფად განხორციელებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამჟამად არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა.

„რუსეთს მსოფლიოში ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი მარაგი აქვს, მაგრამ ასევე იცის, რომ NATO-ს ასევე აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გაანადგუროს რუსეთი. მაგრამ მისი მიზანია, სავარაუდოდ, შეეცადოს შეაფერხოს NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, შიშის შექმნით იმის შესახებ, თუ რამდენად შორს არის წამსვლელი და შექმნას გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ რა სახის მხარდაჭერას მიიჩნევს ის უკრაინისთვის ზედმეტად“, - წერს უსაფრთხოების საკითხებში BBC-ს მიმომხილველი.

პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.

რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.


22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ


24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.


25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 


26 თებერვალი

SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.


27 თებერვალი

სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს

აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს