საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე უკრაინელ ხალხს მიმართა.
„ქართველი ხალხის სახელით მსურს, მივმართო ჩვენს მეგობარ უკრაინელებს, რომლებიც ახლა იბრძვიან, წინააღმდეგობას უწევენ რუსებს და იცავენ თავიანთ ქალაქებს. მინდა მივმართო უკრაინელ ქალებს, რომელთაც უდიდესი სიმამაცე გვაჩვენეს ქვეყნის დასახმარებლად. აგრეთვე, მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში წასვლა მოუხდათ, მათ შორის საქართველოშიც.
მინდა გითხრათ, ჩვენ, ქართველები მხარს გიჭერთ და თქვენ გვერდით ვდგავართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვიცით, რამდენად გმირულად და მამაცურად იბრძვით ბოლო 29 დღის განმავლობაში. ეს 29 გამარჯვებაა, რომელიც თქვენ რუსეთთან უკვე მოიპოვეთ. თქვენ გვაჩვენეთ, რომ როგორც ბევრი ფიქრობდა, სუპერძალები სულაც არ არის საკმარისი უკრაინელების დასამარცხებლად და მითუმეტეს უმოკლეს დროში, როგორც ეს რუსებს წარმოედგინათ.
მთელი გულით მინდა გისურვოთ გამარჯვება და წარმატებები. თქვენ იბრძვით საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, თუმცა ასევე იბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული არჩევანისთვის. დიდი მადლობა და დიდება უკრაინას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს