ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში, დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი გახდება.
ადგილობრივ მცხოვრებლებს, ვისაც აღნიშნული მომსახურება სჭირდება, მუნიციპალიტეტის სხვა ქალაქებში ჩასვლა აღარ მოუწევთ და სიცოცხლისათვის აუცილებელ სერვისს ადგილზე მიიღებენ.
პროგრამის მიხედვით, უკვე არსებული სამედიცინო დაწესებულებები დიალიზის თერაპიისთვის საჭირო, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და პაციენტებს პროფესიონალი მედპერსონალი მოემსახურება.
ქალაქების იდენტიფიცირება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, თიანეთის, მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, დიალიზის ცენტრები, საქართველოს კიდევ 4 ქალაქში, ეტაპობრივად, გაიხსნება.
აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს.