დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ საბედნიეროდ არაა იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა.  „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, საბედნიეროდ, მდგომარეობა არ არის იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, რომ ქვიშის საათია ჩართული“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

მისი თქმით, დავით სერგეენკოსთან ერთად, ის იუსტიციის მინისტრს შეხვდა, ასევე სასჯელაღასრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს, ექიმებს, ვისგანაც მიიღეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„პოლიტიკური მიზნებისთვის, გარკვეული სცენების გამართვისთვის ჩვენი მიწვევა აზრს მოკლებულია. ჩვენ ვიყავით გუშინ იმ მისამართზე, სადაც საჭირო იყო და მეტ ინფორმაციას მივიღებდით, მოვიკითხეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის საყურადღებო, მაგრამ ეს ძირითადად მისი ქმედებიდან გამომდინარეა - ის ყველა საჭირო სერვისს იღებს და მდგომარეობა საბედნიეროდ არ არის იმდაგვარი, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, რომ ქვიშის საათია ჩართული. მედიცინაში გარანტია უბრალოდ არ არსებობს. ყველას მხრიდან, გუნდის, პასუხისმგებელი პირებისგან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამას სამწუხაროდ, არ აკეთებს თავად მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მიზნების გამო", - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ეტაპზე მისი კლინიკაში გადაყვანის პროცესში მათ მიიღეს აქტიური მონაწილეობა და თუ საჭირო იქნება, ჩართულობა ისევ იქნება, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, მისი მდგომარეობა იყო უარესი ვიდრე დღეს არის.

„მაშინ მოვინახულეთ არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განვიხილეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ექიმებთან, მის პირად ექიმთან, ოპოზიციონერ წარმომადგენლებთან ერთად. მისი მდგომარეობა იყო უარესი ვიდრე დღეს არის, სწორედ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადაგვეყვანა კლინიკაში, მაგრამ ამის საჭიროება დღეს არ არ არსებობს. საჭიროების სწორედ განსაზღვრისთვის საჭიროა ექიმებმა ისაუბრონ და არა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ ქვიშის საათია ჩართული მისი ჯანმრთელობის საზიანოდ თუ უცხოეთშია გადასაყვანი,"- განაცხადა ხუნდაძემ.


საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა 4მაისს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და ექიმ დეპუტატებს მოუწოდა, რომ მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ.


შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. 


ასევე წაიკითხეთ