შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა, თუ მკურნალობა

დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო. ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს მოხდილი, განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„სხვათა შორის, თუ დავაკვირდებით საერთო ჯამში ამ პროცესს, როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს, რადგან ამ სერვისებზე უარს ამბობდა. ახლა ვხედავთ, რომ ის როგორც ჩანს, თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა თუ მკურნალობა. ამიტომ, არის ეს ორი განზომილება და ამ ორ განზომილებაში უნდა ვუყუროთ. ერთი, ეს გახლავთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, რომ სასჯელი უნდა იქნას მოხდილი", - განაცხადა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ექსპერტიზის გავლაზე თანხმაა, მხოლოდ ერთი პირობით. მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროცესში დაცვის მხარის ნდობით აღჭურვილი ექსპერტები უნდა ჩაერთონ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, თუ ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების მიმართ სანდოობასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი იარსებებს, ბუნებრივია, ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ ექნება.

ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დამატებითი ექსპერტიზა ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.