„თბილისობა“ 1-2 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა“ დედაქალაქში 1-2 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვაქვს შესაძლებლობა 1-2 ოქტომბერს ჩავატაროთ „თბილისობის“ დღესასწაულზე მიძღვნილი ღონისძიებები, რაც ძალიან მასშტაბური იქნება. „თბილისობას“ ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი. წელს ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. გაიმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები კონცერტები მთელი დღის განმავლობაში.

რაც შეეხება თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით რიგი პოლიტიკოსებისა და მათი საკუთარი, სატელიტი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, ამაზე ყურადღების გამახვილება, რა თქმა უნდა, არ ღირს. რასაკვირველია, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარია კონცერტებზე, შემოქმედებით ღონისძიებებზე, აქ შეუძლებელია ტენდერის გამოცხადება. ეს აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან საახალწლო ღონისძიებების თანმდევი პროცესია, „თბილისობის“ და სხვადასხვა ღონისძიებების, რომელსაც მუნიციპალიტეტი აკეთებს. მიზანმიმართული სიცრუის პროპაგანდა მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.