ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა, გაზარდოს წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა აჩვენა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის სათავეშია, ხოლო საქართველო, როგორც ამ რეგიონალური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, მზადაა, გაზარდოს თავისი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კარგად ვიცით, რომ უსაფრთხოებას მოაქვს სტაბილურობა, სტაბილურობას კი - პროგნოზირებადობა. მდგრადი ეკონომიკური განვითარების გადამწყვეტი წინაპირობაა პროგნოზირებადობა. რაც უფრო პროგნოზირებადი გახდება შავი ზღვის რეგიონი, მით უფრო მეტად შევძლებთ მისი ეკონომიკური პოტენციალის გახსნას ჩვენი ხალხისა და გლობალური ეკონომიკის სასარგებლოდ.

ამ მიზეზით, ვავითარებთ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს. ევროპელ კოლეგებთან ერთად, საქართველო მონაწილეობს რამდენიმე საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც გააუმჯობესებენ ჩვენს კავშირს და ხელს შეუწყობენ სანდო და ქმედით სავაჭრო კავშირებს შავი ზღვის ზოლში“, - აღნიშნა პრემიერმა.

  • შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან“. ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებულ შემზღუდველ ზომებს მივუერთდით, ხოლო წელს ეს ნორმა გავრცელდა დონეცკსა და ლუგანსკზეც.

მისივე თქმით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს

რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ.

  •  საქართველო მზადაა, მოიაზრებოდეს დიალოგის ცენტრად, რათა საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს რეგიონში.

„მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში ვუმასპინძლეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ დისკუსიებს. მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, რათა ესოდენ საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში.

ამ განზრახვით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს. ის არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს. სამაგიეროდ, საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონალური ურთიერთობების ნორმალიზებას“, - აღნიშნა პრემიერმა.