რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის

სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ერთ-ერთი ეპიცენტრია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობის ფონზე, პრაღაში, მხარეები ბრიუსელის მონაწილეობით, სომხეთის საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის ორი თვით განთავსებაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის 40-კაციანი სამოქალაქო მისია სომხეთში, საქართველოდან მიმდინარე კვირას ჩავიდა.

Image

რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიაში „პრაღის შეთანხმების“ შემდეგ და რა როლი აქვს ამ პროცესებში საქართველოს, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსს ნინო სამხარაძეს ესაუბრა.


ET: რა მნიშვნელობა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის საკითხში და რა გავლენა ექნება ამ შეთანხმებას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე?

პრაღის შეთანხმება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სასაზღვრო მუშაობა ჩატარდება და თუკი გავითვალისწინებთ ევროკავშირის მედიაციის ტრადიციებსა და მათ გამოცდილებას თუნდაც ევროპის შიგნით საზღვრების მართვის საკითხში, იმედიანად უნდა ვიყოთ, რომ ამ მისიას, რომელიც ამ ეტაპზე სამოქალაქოა, ექნება ისეთი მიღწევები, რომლებიც შემდგომში, მთლიანად რეგიონს დაეხმარება. 

ET: რას გულისხმობთ, რეგიონს ეს რა მიმართულებით დაეხმარება?

ამ სამოქალაქო მისიის საქმიანობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, პრაგმატული თვალსაზრისით, შემდგომი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, რომ საფრთხის ქვეშაა ის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც გაცხოველებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის საქართველოს ჩართულობით უწყობს ხელს.

ამ პოტენციალის გამოყენება აქამდე არსებული ამ რისკ-ფაქტორების გამო ვერ ხდებოდა. ამიტომ, პრაგმატულად თუ შევხედავთ, რეგიონში, საზღვარზე წარმატების მიღწევა არის რეალისტური. განსხვავებით, წინა უფრო ფართო პოლიტიკური შეთანხმებებისგან, რომელსაც ეს ორი ქვეყანა, სხვადასხვა სახელმწიფოს ჩართულობით აღწევდა და შემდეგ არღვევდა. 

ET: რაც შეეხება გეოპოლიტიკის მიმართულებას, ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში, „პრაღის შეთანხმების“ ფონზე რა შეიძლება, შეიცვალოს?  

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ ჩვენი რეგიონისთვის „პრაღის შეთანხმების“ მნიშვნელობას, კონკრეტულად საქართველოსთვის თავისთავად სასიამოვნო სანახავია ის, რომ რეგიონში იზრდება ევროკავშირისა და ზოგადად დასავლეთის წარმომადგენლობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, „პრაღის შეთანხმების“ მიღმა აშშ-მ სხვადასხვა დონეზე გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს რეგიონში. კონკრეტულად, პრაღაში მიღწეული შეთანხმება აშშ-ის წარმომადგენლობასაც შეუწყობს ხელს და გააძლიერებს.

თანაც იმ ფონზე, რომ რეგიონში გაჩნდა ძალის ვაკუუმი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ინერტულობა გამოიჩინა ბოლო პერიოდში რეგიონში გამწვავებული სამხედრო დაპირისპირებების მიღმა. ასე რომ, ამ ვაკუუმს, ანაცვლებს კოლექტიური დასავლეთი. ამ შემთხვევაში ევროკავშირი, რაც ზოგადად რეგიონისთვის და კონკრეტულად, საქართველოს პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც, იმისთვის, რომ შემდეგ ევროინტეგრაციული თუ არა ევროპასთან დაახლოების პროცესები მეტად დაჩქარდეს. 

ნინო სამხარაძე -

ნინო სამხარაძე

ET: როგორ ფიქრობთ, რატომ დათანხმდა სომხეთი ევროკავშირის სამოქალაქო მისიის ჩასვლას, მაშინ, როცა ეს ქვეყანა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია? 

ამ ეტაპზე, ამ შემთხვევაში ორ ფაქტორს გამოვყოფდი, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთისგან მოდის. ერთი მხრივ, სომხეთმა იგრძნო, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთისგან მოთხოვნილი დახმარება ვერ მიიღო, აქამდე არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, მას უფრო მეტად შეუძლია, ენდოს ევროპას. სომხეთი ამ ეტაპზე იმ მდგომარეობაშია, რომ ყველგან მეგობრებს ეძებს. ამიტომ, მისთვის უფრო ადვილია, გნებავთ ამას დათმობა ვუწოდოთ ან რისკზე წასვლა, რომ მის გადაწყვეტილებებზე, „რუსული გავლენა“, ჩაანაცვლოს „დასავლური გავლენით“. გავლენაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მედიატორის, შუამავლის გავლენებს.

მეორე მხარესაა აზერბაიჯანი, რომელმაც გაააქტიურა ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობები მას შემდეგ, რაც ევროპული ქვეყნების დღის წესრიგში ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გეგმა გაჩნდა. თავის მხრივ, ევროპა დათმობებზე წავიდა აზერბაიჯანთან მიმართებით, რომელსაც მმართველობის გამოკვეთილად ავტორიტარული რეჟიმი აქვს. ასე შეიძლება, ვუწოდოთ აზერბაიჯანის პოლიტიკურ სისტემას, რაც ევროკავშირისთვის თანამშრომლობის საიმედო გზა არ არის ხოლმე, თუმცა ახლა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ეს ორმხრივი პარტნიორობა ბრიუსელსა და ბაქოს შორის, რომ ორივე მხარეს ერთმანეთთან თანამშრომლობის ბევრად მეტი სურვილი აქვთ, თუნდაც, გარკვეული ორმხრივი დათმობების საფუძველზე.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ აზერბაიჯანი ახლა გამარჯვებულის პოზიციაშია, ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან და  მასთან უფრო ადვილია შეთანხმება. თუნდაც, კონკრეტულ მისიაზე, ფორმულირება ისეა, რომ მისია უნდა განლაგდეს სომხეთის მხარეს და აზერბაიჯანის მხრიდან არის დაპირება, რომ ამ მისიასთან ითანამშრომლებს. ასეთი დეტალების გათვალისწინებით, ევროკავშირმა ადვილად მოახერხა ამ ქვეყნების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ორივე სახელმწიფოსა და თავად ბრიუსელს ეს ახლა როგორც არასდროს ისე სჭირდებათ. თუმცა რამდენად თანაბრად, ეს კვლევის საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ სამივეს ინტერესები დაემთხვა. 

ET: „პრაღის შეთანხმების“ ფონზე, რა როლი ექნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს? 

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გეოპოლიტიკური ბანაკები იცვლება. საქართველომ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს იმ ბანაკში, რომელიც ჩვენთვის უფრო სასურველია. დასავლეთის მედიაცია უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ინტერესების ნაწილი. აქედან გამომდინარე, ის როლი, რაც აქამდე საქართველოს ჰქონდა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, კერძოდ საქართველოს მთავრობის აქტივობა, გარკვეულწილად დასავლური გეგმის ნაწილი იყო. ამასთან საქართველოს ინტერესებშია სომხეთთან და აზერბაიჯანთან მშვიდობიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა. 

ET: რა უნდა იყოს საქართველოს სტრატეგია, რომ ეს აქტიური როლი შევინარჩუნოთ? 

ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს ის, რომ დასავლეთის მედიაციის პროცესში, რამე ფორმით ჩავებათ. ამ საკითხებზე უნდა მოველაპარაკოთ აზერბაიჯანს, სომხეთს და პირველ რიგში ბრიუსელს, რომ გამოიჩინოს ინიციატივა და თბილისი პროცესებში ლოგისტიკის კუთხით ჩაერთოს. 

  • მაგალითად, ცოტა უფრო მაღალ დონეზე მოლაპარაკებები, ბრიუსელის ნაცვლად სამმხრივი ან უფრო მრავალმხრივი მოლაპარაკებები თბილისში გაიმართოს. ესეც მნიშვნელოვანი ჟესტი და გზავნილი იქნებოდა მსოფლიოსთვის და რუსეთისთვის, რომ რეგიონში, სწორედ საქართველოა ის ფლაგმანი, რომელიც დასავლურ წარმომადგენლობას საფუძველსა და ბაზისს აძლევს.  

ET: რა გავლენა ექნება ამ პროცესებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკაზე? 

აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების სხვადასხვა ფაზაში, რაც ამ ომს ჰქონდა, ორივე მხარე იცავს სატრანზიტო ინფრასტრუქტურას. თუმცა არის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რაც უკვე არსებობს და რასაც ვიყენებთ, იგივე აზერბაიჯანთან და თურქეთთან თანამშრომლობის პროექტში, (იგივე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი), რისკის ქვეშ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე გონიერი ქვეყანა ასეთ სტრატეგიულ ობიექტებს დააზიანებს, მაგრამ ნებისმიერი საომარი მდგომარეობის დროს ასეთი ინფრასტრუქტურა რისკის ქვეშ ექცევა. ახლა ეს რისკები განეიტრალდება. 

ამას ისიც ემატება, რომ ახალა გაცილებით ადვილი იქნება დამატებითი სავაჭრო ოპერაციების წარმოება, იმ დერეფნების გამოყენებით, რომლებიც აქამდე არ ფუნქციონირებდა. სომხეთისთვის პოლიტიკურად სენსიტიურია იგივე ლაჩინსა და ზანგეზურის დერეფანზე მოლაპარაკება. სომხეთს გარკვეულ დათმობებზე წასვლა უჭირს და თუ ამ ტერიტორიებზე ნეიტრალური კონტროლის დამყარება მოხდება. ამ დერეფნების ამოქმედება მხარეებს ახალ ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს. საქართველოს შეუძლია, აქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს თავისი პოლიტიკური ნდობის გათვალისწინებით და ამ დერეფნებზე მხარეების შეთანხმების პროცესში, თავისი წარმომადგენლები ჩართოს. 

ET: უკრაინასთან საბრძოლო მოქმედებების ფონზე, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენებს არ თმობს. რა პროცესებია მოსალოდნელი და ამ მიმართულებით როდის შეიცვლება ვითარება? 

ამ ეტაპზე იმის ილუზია, რომ რუსეთის ჩანაცვლება სრულად მოხდება რეგიონში, რა თქმა უნდა, ვერ გვექნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ დასავლეთი რუსეთთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას მოცემულ მომენტშიც კი ერიდება. დასავლეთს ბევრად მეტი სივრცე აქვს იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა განიმუხტოს.

დასავლეთი თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედებს, თუკი ნამდვილად აქვს დასახული მიზნები. ამისთვის შესაძლებლობა და სივრცე ბევრად დიდია, ვიდრე ეს იყო თუნდაც ნახევარი წლის წინ. 

აქედან გამომდინარე, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური საიმედოობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლეთის მეტი ყოფნა ჩვენს ქვეყანაში.

გნებავთ ბაზები იქნება თუ სასწავლო ცენტრები, ბევრად უფრო თამამად შეიძლება ამ პროექტების განხორციელება. მაგალითად, საერთო კავკასიური პოლიტიკური პროექტების შეთავაზებით, რაშიც უფრო ადვილი იქნება სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართვა, სამმხრივი შეთანხმების არსებობის პირობებში.

ასევე პროცესები დაჩქარდება, თუ რუსეთი „მოდუნებულ ყურადღებას“ ამ სამ ქვეყანაზე ვეღარ გადმოიტანს. საქართველომ ამ საკითხებზე უნდა ისაუბროს მაღალი დონის შეხვედრებზე. ასევე, ბრიუსელის მხრიდანაც გამოიკვეთება, ამ ორთვიანი სამოქალაქო მისიის შემდეგ, როგორ დაინახავენ თავიანთ როლს რეგიონში.

ბრიუსელმა რომ სამხრეთ კავკასიაში თავისი როლი დაინახოს, ამის ყველაზე მეტი რესურსი აქვს თბილისს. ამაზე უნდა ილაპარაკოს თბილისმა, რის გაკეთება შეუძლია ბრიუსელს სამხრეთ კავკასიაში და სამომავლოდ, რისი პერსპექტივა უნდა ჰქონდეს.