ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე

დღეს, თბილისში იზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ენეგოსექტორის ის სამი მიმართულება დაასახელა, რაშიც ილჰამ ალიევი ახალ პერსპექტივას ხედავს და ამ კუთხით ინვესტირებაა დაგეგმილი.

  • საგულისხმოა, რომ ამ პროექტების განხორციელებისას, აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორი, საქართველოა.

კერძოდ, აზერბაიჯანი 2027 წლისთვის ევროპაში 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს. ბუნებრივი აირის გამტარი „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენია.

ამასთან, ალიევმა დღეს ღიად თქვა, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება და დამატებითი მოცულობის აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა იგეგმება „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენით.

ამ ენერგოპროექტების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე, Europetime საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა.

ET: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები, ძირითადად უკვე მოქმედ ენერგოპროექტებზე გაკეთდა. რამდენად  მზადაა სისტემა, რომ გაზისა, ნავთობისა და ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები გაატაროს?

ალიევის მთელი გამოსვლა, კონფლიქტებზე საუბრის ნაწილის გარდა, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებს ეხებოდა. აქ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოყო სამი ძირითადი მიმართულება, სადაც პირველია „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი. ასევე, ყურადღება გაამახვილა „ბაქო-სუფსის“ მილსადენის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე და მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდის საკითხზე.

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს“ დღეს აქვს რესურსი, რომ გამტარუნარიანობა 12 მილიონ ბარელამდე გაზარდოს. ალიევს სურს, რომ 2027 წლისთვის ევროპაში გაზის მიწოდება გააორმაგოს. ეს არაა პატარა ციფრი, „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენისთვის და აზერბაიჯანისთვის.

გასულ წელს, ამ გაზსადენის გავლით ევროპამ, 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. შემდგომ, გაზის ტრანზიტი ძირითადად იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში განხორციელდა.  წელს ეს მაჩვენებელი 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება და როცა საუბარია 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია.

ბუნებრივია, ამას უნდა დაემატოს გაზის ის მოცულობა, რაც გადის მილსადენში თურქეთის საჭიროებისათვის. მანამდე, 2030 წლისთვის იყო დაგეგმილი, რომ „ბაქო-თბილისი-ერზრუმით“ გატარებული გაზის მოცულობა 27 მილიარდამდე გაზრდილიყო.

ET: რამდენად რეალურია, რომ აზერბაიჯანი ამ მაჩვენებელზე გავა 2027 წელს და რა სარგებელს მიიღებს საქართველო?

ის, რასაც ალიევი ამბობს, რომ თუ 2027 წლისთვის მოხერხდა ტექნიკურად და საბადოებიდანაც და ამ რაოდენობის გაზმა გაიარა ჩვენს მილსადენში, ეს იმას ნიშნავს, რომ გატარებული გაზის 5% საქართველოს ე.წ. „ოფციურ გაზად“ დარჩება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რადგან 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის 5%, 1 მილიარდი კუბური მეტრია, ამას დაემატა 500 მილიონი დაბალ ფასში შესყიდული გაზი და ამის საფუძველზე თბოელექტროსადგურებით შევძლებთ იმ რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას, რომ მაქსიმალურად ჩავანაცვლოთ იმპორტი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი (რედ. პერსპექტივა,) ალიევის განცხადებიდან, რაც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს.

ET: რაც შეეხება საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტს, ალიევმა საკმაოდ მაღალი ციფრი 157 გეგავატი დაასახელა. რა რესურსით გაიზრდება ეს მაჩვენებელი მაშინ, როცა არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს გავლით თურქეთში აზერბაიჯანის ექსპორტის მაჩვენებელი გაცილებით მცირეა.

ამ საკითხზე საუბრისას, ალიევმა ახსენა, რომ ექსპორტზე უნდა გაიტანონ 157 გეგავატი, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოსკენ მიმართული. ეს კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. აზერბაიჯანს საქართველოს გავლით ევროპაში, თურქეთის გავლით შეუძლია ელექტროენერგიის გატანა. თურქეთში საქართველოს გავლით აზერბაიჯანს ელექტროენერგია ახლაც გააქვს.

ვფიქრობ, ალიევმა ეს ციფრი როცა დაასახელა გულისხმობდა ახალ პროექტს, რომელიც ახლა განხილვისა და დამოწმების ფაზაშია. ეს პროექტი გულისხმობს, შავი ზღვის ფსკერის გავლით, რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს. ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი როცა გადაწყდება და შავი ზღვის ფსკერზე ეს კაბელი ჩაიდება, მაშინ ამ მოცულობის ექსპორტზე საუბარი რეალურია.

რაც შეეხება სხვა საკითხს, ჩვენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემოგვაქვს, შემოგვქონდა და მომავალშიც შემოვიტანთ აზერბაიჯანიდან და ამ ქვეყანას ჩვენი გავლით თურქეთში სულ მცირე 200-300 მეგავატი გააქვს. იყოს გარკვეული პერიოდი, როცა საქართველოს გავლით, ექსპორტი 300-400 მეგავატსაც აღწევდა.

ET: რაზე მიანიშნებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დღეს, ამ ენერგოპროექტებსა და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ღიად გაკეთებული განცხადებები?

აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ალიევის დღევანდელი განცხადებები, ამას უფრო თვალსაჩინოს ხდის.

რაზეც დღეს ალიევმა ისაუბრა, ამ პროექტებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც განიხილავს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის გაზრდის ნავთობის ტრანზიტს საქართველოს გავლით, როგორც „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“, ისე „სუფსის“ მილსადენით.

ალიევი ძალიან სერიოზულად ფიქრობს გაზის მიწოდების გაზრდაზე ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტზეც. სამი მიმართულება - ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია, ის სექტორებია, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ძალისხმევის გამოჩენასა და საქმიანობის გაფართოებას ფიქრობს. ეს რესურსები ყველა შემთხვევაში საქართველოზე გაივლის, რითაც ქვეყანა დამატებით სარგებელს მიიღებს.