ბორის ჯონსონი ფონდს აფუძნებს და უკრაინის აღდგენისთვის თანხების მოძიებას გეგმავს - Telegraph

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი განიხილავს ახალი ორგანიზაციის შექმნას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და აღდგენას დაეხმარება. ამის შესახებ The Telegraph-ი იტყობინება.

მისივე ინფორმაციით, ჯონსონმა ოფისი ვესტმინსტერში დააფუძნა, საიდანაც ფონდის შექმნას იმედოვნებს. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ფონდს შეუძლია, მილიონობით თანხა მოაგროვოს ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის აღსადგენად.

ჯონსონის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც კარგად იცნობს მის გეგმებს, მას უკრაინისთვის „მარშალის გეგმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ბორის ჯონსონი უამრავ თანხას“ მოიზიდავს კერძო დონორებისგან.

ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ.

კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი.