ლიეტუვის ელჩი: ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთ, ევროკავშირი, ეს არის 27 წევრი სახელმწიფოს ხმა

NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია. Europetime-თან საუბრისას, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრიუს კალინდრა ამ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე საუბრობს და საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ამასთან, ელჩი Europetime-ს უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ET: საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციების შესრულების პროცესშია. როგორ უყურებს და აფასებს ლიეტუვა თბილისის ძალისხმევას ამ თვალსაზრისით?

მოგეხსენებათ, გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა, ჩვენ 2022 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მოწმენი ვართ. 90-იან წლებში, ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ 2004 წელს ევროკავშირის წევრი გავხდებოდით, იგივე შეიძლება ითქვას, NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისითაც.

ამრიგად, ჩვენი სურვილია, უბრალოდ, აუცილებლად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, ძალიან სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითხს და იმუშაოთ გაერთიანებული ძალისხმევით. ჩვენ, ლიეტუვა, წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ევროპულ გზაზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინები გვაქვს განსაკუთრებით, ევროკავშირში საქართველოს საუკეთესო მეგობრების დედაქალაქებს, მათ შორის ვილნიუსს.

ET: საქართველოსთვის რა ხარვეზებს ან თუნდაც გამოწვევას ხედავთ ამ პროცესში, რომლებიც ფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გადაიჭრას?

ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთ, ეს მზადყოფნა ქვეყნის შიგნით ძალიან დიდია. გაწევრიანების ფანჯარა გამოჩნდება - თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამას, თქვენ უბრალოდ ძალიან პასუხისმგებლობიანი უნდა იყოთ ევროკავშირის მიმართ. მოგეხსენებათ, ევროკავშირი, ეს არის გაერთიანების 27 წევრი სახელმწიფოს ხმა.

ეს არ არის ერთი ან ორი წევრი ქვეყნის ხმა. გადაწყვეტილებები კონსენსუსზე დაფუძნებით მიიღება. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გვერდით დავდგეთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს. ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ქვეყანა ამ გზაზე წარმატებული ვიხილოთ.

ET: თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას გვეტყოდით ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე? როგორც ვიცით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და საინვესტიციო პოტენციალის სრულად გამოყენება ურთიერთობების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ორ ქვეყანას შორის მოქმედებს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია.

ჩვენ სულ უფრო მეტი ქართული ღვინო შემოგვაქვს. მეტის გაკეთებას ვცდილობთ. ამასთანავე, ჩვენი ინტერესის სფეროა უძრავი ქონება. ეკონომიკის ამ დარგში ჩადებული ინვესტიცია წარმატებულია. ჩვენი კომპანიები დაინტერესებულები არიან მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში კაპიტალის ინვესტირებით.

თებერვალში, მთავრობათაშორისი კომისია შეიკრიბება ვილნიუსში, სადაც აუცილებლად მოვახდენთ ფოკუსირებას ვაჭრობასა და ინვესტირებაზე. იმედი მაქვს, რომ ბიზნეს ფორუმის ორგანიზებასაც შევძლებთ. ასევე მნიშვნელოვანია სექტორული ინტეგრაცია. ამრიგად, ჩვენ, ლიეტუვა მხოლოდ მხარდაჭერის ხელს ვუწვდით საქართველოს.


ინფორმაციისთვის: საქართველოსა და ლიეტუვას ახლო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს ქმნიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სფეროებში. მჭიდროა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებობს აქტიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა.
ლიეტუვის სეიმს მიღებული აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია და განცხადება. 2017 წლის 10 მაისს, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებმა, ერთობლივად მიიღეს „სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებში ლიეტუვის მიერ საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე” (2017-2020 Action Plan of the Republic of Lithuania on Support to Georgia).
2020 წლის 10 დეკემბერს, ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპული პოლიტიკის უწყვეტობის და გრძელვადიანი გზამკვლევის შესახებ მიღებულ რეზოლუციში ხაზგასმულია: „ლიეტუვის პარლამენტი მიზნად ისახავს, რომ 2025 და 2027 წლებში, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთისა და ლიეტუვის თავმჯდომარეობისას, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ ქვეყნებს (მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას) მიენიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი და დაიწყოს მოლაპარაკებები მათი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე".
ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ქართულ ენაში დამკვიდრებული სახელწოდებით მოიხსენიებს.

ანდრიუს კალინდრა 1997-2001 წლებში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების განყოფილებაში მუშაობდა.

2001-2006 წლებში, სხვადასხვა პოზიცია ეკავა ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში რუსეთის ფედერაციაში. 2006-2008 წლებში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის სატრანსპორტო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

2012-2014 წლებში - ნიუ-იორკში ლიეტუვის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი, პოლიტიკური კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი.

2014-2015 წლებში, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2015-2020 წლებში კი, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო და ევროკავშირის საქმეების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.

2020 წელს, ანდრიუს კალინდრა იყო ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2020 წლის ოქტომბრიდან არის ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.