თორნიკე შარაშენიძე: ფაქტია, რომ ჩინეთი და აშშ უძლიერესი სახელმწიფოები არიან, რუსეთი მხოლოდ მესამეა

  • მსოფლიოს სტაბილურობისთვის საჭიროა, რომ ორი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი ხვდებოდეს ერთმანეთს

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ჩინეთის და აშშ-ის ლიდერების შეხვედრას Europetime-თან აფასებს. ანალიტიკოსი, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, პეკინის უფრო მკვეთრი პოზიციის გამოხატვას იმ შემთხვევაში ელის, თუ დაინახავს, რომ რუსეთი „შეუქცევადად სუსტდება“.

ერთია, რას ამბობს, სი ძინპინი საჯაროდ, აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ და მეორეა, რას ეუბნება რუსებს, არასაჯაროდ, დახურულ კარს მიღმა. ეს მართლაც საინტერესოა. ფაქტია, რომ ეს ორი სახელმწიფო (ჩინეთი და აშშ, რედ.) უძლიერესია მსოფლიოში. რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ მესამეა. ეს ცხადია.

ჩინეთი მოვლენათა განვითარებას ელოდება უკრაინაში. თუ დაინახა, რომ რუსეთი შეუქცევადად სუსტდება და დამარცხებისკენ მიდის, რა თქმა უნდა, მაშინ გადაიხრება დასავლეთთან უფრო მეტად თანამშრომლობისთვის. ამ მხრივ, სი ძინპინის განცხადებები ინდიკატორია, თუ როგორ უყურებს ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში.

თუ რუსეთის საქმე გაუარესდა მათი აზრით, რა თქმა უნდა, განცხადებები იქნება უფრო შემრიგებლური დასავლეთთან მიმართებით, თუ არა - შეგვიძლია, ვისმჯელოთ მათი განცხადებების ტონით“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.


რით აიხსნება ის, რომ ჩინეთი არ ჩქარობს ომზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩინეთი არ ჩქარობს, რადგან არ სურს ღია კონფრონტაციაში ვინმესთან შესვლა.

„ეს არ სჭირდება. თუ აშკარა გახდება, რომ რუსეთი საბოლოოდ წავიდა წაგებისკენ უკრაინაში, ალბათ, უნდა ველოდოთ უფრო ფრთხილ განცხადებებს დასავლეთთან მიმართებით და უფრო მკაცრს - რუსეთთან მიმართებით.

თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩინეთი რუსეთს ფარულად მაინც ეხმარება, რადგან რუსეთის უკიდურესი დასუსტება ნიშნავს, რომ ჩინეთი ერთი-ერთზე აღმოჩნდება დასავლეთთან. ამიტომაც, ალბათ, არ აწყობს რუსეთის დამარცხება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი. 

დიდი ოცეულის სამიტზე მისი არჩასვლაც სისუსტედ აღიქმება? ამ შეკითხვის საპასუხოდ, თორკინე შარაშენიძე ამბობს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის არჩასვლა, გასაგებია, რადგან ის ყოველთვის ერიდება გამოჩენას ისეთ ფორუმებზე, როდესაც რუსეთის პოზიციები დასუსტებულია.

„ეს შეხვედრა რომ მაისში ყოფილიყო, ჩავიდოდა, რადგან რუსეთს მაშინ რაღაც „წარმატებები“ ჰქონდა უკრაინის ფრონტზე. როდესაც წარუმატებლობის პერიოდი აქვს, ყველგან ლავროვს გზავნის. ასე იყო მაგალითად, სტამბოლში, NATO-ს სამიტზე, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე, ბულგარეთი და რუმინეთი მიიღეს NATO-ში. მაშინაც ლავროვი გაუშვა სამიტზე და თვითონ არ წავიდა“, - განუცახად Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ.


შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეხვედრა ინდონეზიაში, ბალიზე, 14 ნოემბერს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართეს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის კონკურენცია, კონფლიქტში არ უნდა გადაუზარდოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა მართონ ეს კონკურენცია პასუხისმგებლობით, ამასთან, შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები.

ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა იმუშაონ ტრანსნაციონალური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, გლობალური მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ჯანდაცვის უსაფრთხოება და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, რასაც მისი თქმით, მოელის საერთაშორისო საზოგადოება.

ბაიდენმა გამოთქვა შეშფოთება სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ კონგში ადამიანის უფლებების საკითხის გარშემო. ტაივანთან დაკავშირებით , აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა არ შეცვლილა.

ორმა ლიდერმა აზრები გაცვალა მთავარ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა წამოწია ისეთი საკითხი, როგორიცაა, „რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ“. პრეზიდენტებმა გაიმეროეს თავიანთი პოზიცია, რომ ბირთვული ომი მომგებიანი ვერ იქნება. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ჩინეთს, დისკუსიების გაგრძელების მიზნით ეწვევა.

  • ასევე წაიკითხეთ

თავის მხრივ, ჩინური მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ქვეყნები უნდა გაუმკლავდნენ უპრეცედენტო გამოწვევებს და გამოიყენონ უპრეცედენტო შესაძლებლობები. მისივე თქმით, ჩინეთისა და შეერთებული შტატების წარმატებები ერთმანეთისთვის შესაძლებლობებია და არა გამოწვევები.

„სამყარო საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ორივე ქვეყანა განვითარდეს და აყვავდეს. ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს ერთმანეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და სტრატეგიული ზრახვების სწორი აღქმა. ურთიერთქმედება უნდა განისაზღვროს დიალოგით და მომგებიანი თანამშრომლობით და არა დაპირისპირებით“, - განაცხადა სი ძინპინმა. 

ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს.