NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება

NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითრებას მიესალმება. შესაბამისი კომენტარი NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-თან გააკეთა.

„მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების ხელშეწყობას მოემსახურება. ეს მათ შორის მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორიცაა ნავსადგურის საკუთრებაში არსებული ობიექტები შავი ზღვის სანაპიროზე“, - განაცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა.

NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან მყარია.

„ნოემბრის ბოლოს ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშეა და NATO მზად არის, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს, რათა გააძლიეროს მათი გამძლეობა და თავდაცვა.

საქართველოსთვის, ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ სფეროებში, ასევე საქართველოს დავეხმარებით საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებითა და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდით“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა.

28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა.


ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.