რა შემთხვევაში არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას ანდრი კასიანოვი

უკრაინის საელჩო საქართველოდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს, თუ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება და რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლისას უკრაინელებს საფრთხე დაემუქრებათ.

ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრი კასიანოვმა „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა.  

„ავიამიმოსვლის აღდგენისა და რეალური უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს მიმართოს, რათა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციაში დახმარება აღმოუჩინონ“, - ამბობს კასიანოვი.  

ამასთან, კასიანოვი აღნიშნავს, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში, უკრაინის საელჩო ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას. „ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - აღნიშნა კასიანოვმა.

„ახლა ჩვენ განვიხილავთ შესაძლო ორგანიზაციებსა და საევაკუაციო მარშრუტებს მათთვის, ვინც უფრო მოწყვლადია და დასაბრუნებელი ფული არ აქვს. ამავდროულად ჩვენ სახმელეთო ტრანსპორტს, როგორც ყველაზე ოპტიმალურ გადაადგილების საშუალებას განვიხილავთ“, - აცხადებს კასიანოვი. 


„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.