პენტაგონი ადასტურებს, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნას განიხილავს - მედია

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესაძლებლობას, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ამ დროისთვის არ გააკეთებს.

ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კონტაქტში ყოფნას უკრაინასთან, მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ მოთხოვნებს უპასუხოს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნისკენ არის მოწოდებული, იტყობინებოდა 24 იანვარს Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება და ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთშეთანხმების ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადებს.

უფრო ადრე, Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდებას დაამტკიცებდა, თუ აშშ „აბრამსის“ ტანკებს მიაწოდებდა კიევს. გერმანიის მთავრობამ ასეთი მოსაზრების არსებობა უარყო.

ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.