COVID19-ით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე, კლინიკის უფროს ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის, ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის ბრალდებულ უფროს ექთანს, თეა ბეგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე თეა ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი, ექთნის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.