ზელენსკი: საჭირო იარაღის მოწოდების სიჩქარე იყო და იქნება ამ ომში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარტნიორების მხრიდან უსაფრთხოების მხარდაჭერის დინამიკის შენარჩუნება ახლა უმნიშვნელოვანესია. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება უნდა დაჩქარდეს.

„ჩვენი პარტნიორების მხრიდან თავდაცვის მხარდაჭერის დინამიკის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. საჭირო დახმარების მოწოდების სიჩქარე იყო და იქნება ამ ომში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. რუსეთს ომის გაჭიანურების, ჩვენი ძალების ამოწურვის იმედი აქვს. ამდენად, დრო ჩვენს იარაღად უნდა ვაქციოთ. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკის თქმით, დღეს რუსეთის არმია ხერსონს მთელი დღეა, სასტიკად ბომბავს - დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სხვადასხვა სოციალური და სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის საავადმყოფო, ფოსტა და ავტოსადგური.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ექვსი დაშავებულის და სამი დაღუპულის შესახებ.