2022 წელს საქართველოდან მოგზაურების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი საზღვარგარეთ, საყიდლების მიზნით განხორციელდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.8 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 3.2-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უწყების მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 944.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 99.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.5 პროცენტს შეადგენდა. 2022 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 41.1 პროცენტი განხორციელდა საყიდლების მიზნით.

„ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 941.4 ათასი და 247.4 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ამასთან, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 078.6 ლარი შეადგინა.