2024 წლის არჩევნების გარე ჩარევისგან დასაცავად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი მოლდოვისა და საქართველოს დასახმარებლად ახალი დაფინანსების შესახებ აცხადებს, რათა რუსეთის მავნე ჩარევის წინააღმდეგ რეგიონული მდგრადობა გაზარდოს.

„2 ქვეყანაში ვიზიტისას (16-დან 17 მარტამდე) საგარეო საქმეთა მინისტრი გამოაცხადებს დამატებით, 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოლდოვაში ეკონომიკური, მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად, მათ შორის ეერგეტიკის სექტორში, და ახალი დაფინანსების შესახებ საქართველოში, მომავალი წლის არჩევნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კლევერლი ასევე გაიმეორებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას მოლდოვისა და საქართველოს ხალხის გვერდით და იცავს მათ დემოკრატიულ არჩევანს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გზაზე.

  • „ეს ორი ქვეყანა მოწყვლადია, რადგან ისინი განიცდიან კრემლის ჰიბრიდული ტაქტიკის, აგრესიისა და რეგიონზე რუსეთის კონტროლის გაფართოების მცდელობებს. საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს დიდი ბრიტანეთის ურყევ ერთგულებას მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად“.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი ასევე გამოყოფს £500 000 ფუნტს, რომელიც უზრუნველყოფს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ დაცვას გარე ჩარევისგან.

„ცოტა ქვეყანას ესმის უკეთ რუსეთის მავნე მოქმედების ფარული ტაქტიკა, ვიდრე მოლდოვასა და საქართველოს. გაერთიანებული სამეფო განზე არ გადგება, ვიდრე მოსკოვი აშკარად ძირს უთხრის მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, დავიცვათ ხსენებული ქვეყნების ხალხების დემოკრატიული არჩევანი და დავიცვათ ისინი მათ კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ მოლდოვასა და საქართველოშ ვიზიტის წინ.