ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესს შეიძლება, რიგგარეშე არჩევნების გარეშე მივაღწიოთ - სააკაშვილი

ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესს შეიძლება, მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა სწორედ, რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანაა.

„ყოველი დღე რუსების ყოფნისა საპარლამენტო უმრავლესობაში, ძალიან საშიშია საქართველოსთვის. პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში.

ახლა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ, რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა.

მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას. ყველას გვჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება. ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა პირდაპირ მიგვანიშნებდა, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გადარჩენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით. ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა.

ვინაიდან, არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა - ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია.

აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო. გვახსოვდეს ყველას, რომ ოლიგარქმა აირჩია წაგებული ბანაკი რუსეთის სახით და ესეც ამყარებს ხალხის პოზიციებს და აჩქარებს მის გამარჯვებას”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.