არ ვართ წინააღმდეგი, თუ სააკაშვილი, ან მისი ოჯახი წარმოადგენს სასურველ უცხოელ ექიმთა სიას - ბრეგაძე

იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო როგორც უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ისე მისი ოჯახის წევრებს, და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა „ვივა მედში“, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვუშუამდგომლებთ მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმისთვის, რომ შემდგომ ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა მიიღონ საექიმო საქმიანობის ნებართვა და შეძლონ შემდგომ მსჯავრდებული სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, საქართველოში, კერძოდ, იმ კლინიკაში, სადაც ის ახლა მკურნალობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.