აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების შესაძლო მშენებლობაზე: მივესალმებით ჩართულობას ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან

ახალი ბირთვული ტექნოლოგიების შესაძლო განლაგების შესახებ, აშშ აცხადებს, რომ მიესალმება ჩართულობის  შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგოდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. ამის შესახებ Europetime-თან საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა იმ ფონზე, როდესაც შტატები რიგ ქვეყნებში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. 

  • ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა თანამდებობის დაკავების დღიდან მკაფიოდ აჩვენა, რომ კლიმატის კრიზისის მოგვარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრშია და რომ ხსენებული საკითხის გადაჭრის თვალსაზრისით, ბირთვული ენერგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.  

გარდა ამისა, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც გამოწვეული იყო წიაღისეულ საწვავსა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით.

შეერთებული შტატები მიესალმება ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ, სუფთა ენერგიის დარგში გადაწყვეტილებების მოძიებას და მოწოდებულნი არიან, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ახალი ბირთვული ტექნოლოგიების განლაგების შესახებ განხილვებს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, მათი ენერგოდამოუკიდებლობისა და კლიმატის მიზნების მხარდასაჭერად“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 


ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა, მარია ლონგიმ განაცხადა. მან ამ თემაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე ისაუბრა. ლონგის თქმით, პატარა მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, შესაძლოა, უფრო დიდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გამოიწვიოს როგორც რუსეთისგან, ასევე - ჩინეთისგან.

სხვა დეტალებზე ოფიციალურ პირს არ უსაუბრია.