ახალ თაობას ორი რამ მინდა შთავაგონოთ, პირველი, შევინარჩუნოთ იდენტობა და მეორე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება - ბურჭულაძე

მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიების დაწყებამდე განუცხადა.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების. ეს დღე არის ჩვენი ძალიან ძვირფასი დღე, როგორც აწმყოში, ასევე მომავალში. რა თქმა უნდა, მე მინდა მივულოცო ჩვენი გმირების ოჯახებს, ახალწვეულებს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი. ორი რამ, რაც მინდა, რომ ახალ თაობას შთავაგონოთ ეს არის - პირველი - ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ შევინარჩუნოთ იდენტობა და მეორე - არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მთავარი გამოწვევა - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.