26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. თბილისის გარდა რეკრუტებმა ფიცი კიდევ 10 ქალაქში დადეს.

„გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას“, - მიმართა რეკრუტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ფიცის დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველ მებრძოლთა ხსოვნას.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.