საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაშიც აღნიშნეს

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. დერეკ ჰოგანმა და თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ლორა კუპერმა. საღამოს საქართველოს დესპანი აშშ-ში ხათუნა კვესელავა უძღვებოდა.

"მოწვეულმა სტუმრება დამსწრე საზოგადეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ხაზი გაუსვეს თაობების მანძილზე საქართველოს თავდადებულ ბრძოლას, და დღევანდელი გამოწვევების ფონზე, საქართველოს თავისუფლების გასამყარებლად საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას.
ღონისძიება ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების კომპონენტებს მოიცავდა.

საქართველოსა და აშშ-ის ჰიმნები ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ შეასრულა.

Lსპეციალური მოწვევით, მუსიკალური ნომრებით წარდგნენ თეატრალურის კვარტეტი და კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი.
გაიმართა ქეთი პაიჭაძისა და Art Cross Foundation-ის ქართული თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Rooted in Culture - rootedinculture.art.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კამპანიის - Wines of Georgia - ფარგლებში და ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიების ჩართულობით (Silk Road Wine, Georgian Wine House, Interbalt Wines and Fine Spirits) მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაციის კუთხე.

ღონისძიებას 600-მდე სტუმარი ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებიდან, კონგრესიდან, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციებიდან, დიასპორული ორგანიზაციებიდან, და ასევე დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროდან", - ნათქვამია ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.