თუ არ გინდათ ჩვენი მიღება, გვითხარით - მეუფე იაკობი ევროკავშირზე

ვიღაც, რომ არის ევროპარლამენტარი, ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო? შენ მიხედე შენს საქმეს, რა! თუ არ გინდათ ჩვენი მიღება გვითხარით, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

„ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი, ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო? შენ მიხედე შენს საქმეს, რა. თუ არ გინდათ ჩვენი მიღება გვითხარით, თუ არადა, კანდიდატობა რამეა? - სიმბოლოა, მაგრამ საქართველოში ლამის ორჯერ რევოლუცია მოაწყვეს. პირიქით, ხალხის პოლარიზაციას აკეთებენ. მიმიღე და ერთმანეთს ხომ ვეღარ ეტყვიან, „რუსი ხარ, რუსი ხარ“. რას მატყუებ რა? შენზე მეტი ჭკუაც მაქვს და შენზე მეტიც გვინახავს ჩვენს ერს. სამი ათასი წლის ერი ვართ, ვიღაცა კი არ ვარ.

ყველა იმპერიამ ჩვენზე გადაიარა, მაგრამ ისევ წელში გამართულები ვართ. სიმართლეს გეტყვით, მე ძალიან ბევრი რამ მომწონს დასავლეთში. არის რაღაცები, რასაც არც მივიღებ და ვერც მიმაღებინებენ. ღვთის საწინააღმდეგო რაც არ არის, იმას ყველაფერს მივიღებ, მაგრამ ღვთის საწინააღმდეგო რაც არის, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არა! ...იცოდნენ, ძალიან მკაცრები ვიქნებით ყველას მიმართ! მიგვიღებენ, მიგვიღებენ და თუ არ გვიღებენ, რევოლუცია ხომ არ უნდა მოვაწყოთ? რატომ არ გვიღებენ მითხარით, რა? რატომ არ უნდა მიგვიღონ? მე ხომ არ ვაბრალებ „ამას მიკეთებ, იმას მიკეთებ“. რატომ არ მიღებ, რა? მე საერთოდ არ მინდა დაყვედრებული არაფერი. ჩვენ გავხდეთ ძლიერები. ნუ ვჭამთ ერთმანეთს. ჩვენ გავხდეთ ისეთი ძლიერები, აქეთ შეგვეხვეწონ მერე. ცოტა გადავხედოთ ჩვენს თავს, ცოტა სხვანაირები გავხდეთ და უცხოელებსაც ყველამ მოვთხოვოთ, რომ ვინც ვართ, ისე მოგვექცნენ და არა ისე, ვიღაცა ჭორიკნები რომ დარბიან, პოლიტიკოსები რომ ჰქვიათ და იმათ ჭკუაზე რომ დადიან,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.