თეგი: "ბორჯომი"
გია ხუხაშვილი: სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან
"სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან. საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს, თუ ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „როგორც იცით, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრძალავენ „ბორჯომის“, როგორც რუსული პროდუქტის და რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტის გაყიდვას. ეს პროცესი, როგორც ჩანს, გაფართოვდება და მთლიანად დასავლეთს მოიცავს. საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რადგან „ბორჯომი“ არ არის უბრალოდ პროდუქტი, ის გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი მატერიალური და თუნდაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტი. შესაბამისად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და უზარმაზარ რეპუტაციულ ზიანს, თუ ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია სანქციების ქვეშ მყოფი ალფა-ჯგუფისგან. ამისთვის ყველა არგუმენტი და ინსტრუმენტი გააჩნია ეკონომიკის სამინისტროს. თუ არ იციან, ჩვენ ვასწავლით,“- წერს ხუხაშვილი.