სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ნებისმიერ საბრძოლო ქმედებებს, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ასევე შეზღუდვებს ვხსნით თავდაცვით თანამშრომლობაზე აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის, ეს დიდი ამბავია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე განაცხადა. ტრამპის თქმით, აღნიშნული დეკლარაცია აარსებს “ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, რაც განსაკუთრებული სატრანზიტო სივრცეა და რომელიც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, წვდომა ჰქონდეს თავის ნახიჩევანის რეგიონზე და ამავდროულად, სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს.” „ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოვაგვარეთ არსებული პრობლემა, რომელიც წინა მოლაპარაკებებს შლიდა. ეს დეკლარაცია აარსებს “ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, რაც დიდი პატივია, ეს არ მითხოვია. ეს განსაკუთრებული სატრანზიტო სივრცეა, რომელიც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, წვდომა ჰქონდეს თავის ნახიჩევანის [რეგიონზე] და ამავდროულად, სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს… სომხეთი ასევე ექსკლუზიურ პარტნიორობას ქმნის აშშ-სთან ამ დერეფნის გასავითარებლად, რომელიც 99 წლამდე შეიძლება გახანგრძლივდეს… მოველით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ. ისინი მოუთმენლად ელიან ამ ორ ქვეყანაში შესვლას და ისინი ბევრ ფულს დახარჯავენ… დამატებით, აშშ ხელს აწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, რათა თანამშრომლობა გააფართოვოს ენერგეტიკით ვაჭრობასა და ტექნოლოგიებში, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტში… ასევე შეზღუდვებს ვხსნით თავდაცვით თანამშრომლობაზე აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის. ეს დიდი ამბავია… მათ [აზერბაიჯანელებს] ძალიან უხარიათ ეს, ისევე როგორც მე,” - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიამნდე. ისტორიული სამიტის შედეგები, რა შეთანხმებები გაფორმდა თეთრ სახლში
თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, ერთად წარადგინონ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე. „სხვა ვინ იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემიას, თუ არა პრეზიდენტი ტრამპი?!“ - განაცხადა ალიევმა. „იქნებ შევთანხმდეთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, რომ გავუგზავნოთ ერთობლივი მიმართვა ნობელის კომიტეტს, რათა პრეზიდენტ ტრამპს მიენიჭოს ნობელის მშვიდობის პრემია,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მანვე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ მიმართვის ავტორები იქნებიან ქვეყნების ლიდერები, რომლებიც 35 წლის განმავლობაში იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ და ახლა სწორედ დონალდ ტრამპის დამსახურებით მიაღწიეს მშვიდობას. მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის სრულიად უჭერს მხარს დონალდ ტრამპისათვის ნობელის პრემიის მინიჭებას. „ის იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემიას. ჩვენ ამას ... ხელს შევუწყობთ. დღევანდელი მოვლენა ამის ნათელი გამოხატულებაა.“ „იმედი მაქვს, მოგვიწვევთ [დაჯილდოების ცერემონიალზე]“ - მიმართა ფაშინიანმა ტრამპს. „წინა რიგებში,“ - უპასუხა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოაცხადა, რომ მალე შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ამ შეხვედრის ადგილმდებარეობაც მალე გახდება ცნობილი. „მე ძალიან მალე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. ეს უფრო ადრეც მოხდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომლებზე მუშაობაც, სამწუხაროდ, ხალხს უწევს,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ეს პუტინის ბოლო შესაძლებლობა მშვიდობის მისაღწევად, ტრამპმა უპასუხა: „არ მომწონს ტერმინის „ბოლო შანსის“ გამოყენება“. მოგვიანებით მან თქვა, რომ უკრაინის სიტუაცია შეიძლება, ძალიან მალე მოგვარდეს.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” შექმნის შესახებ შეთანხმებას ასევე მოაწერეს ხელი. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა. ტრამპის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლითაც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. „ეს ნამდვილად დიდი დღეა. ზოგიერთი სხვა დიდი ანონსი გვაქვს, მაგრამ მათ შესახებ განცხადების გაკეთება არ მინდოდა, რადგან არ მინდოდა რამეს ცოტათი მაინც დაეჩრდილა ის, რაც დღეს მოხდა. სიკვდილისა და ზიზღის 35 წელი და ახლა იქნება ერთად სიყვარული, პატივისცემა და წარმატება. არა მგონია, რომ ეს შეიძლება, დაიჩრდილოს. ომი იყო, ამდენი ადამიანი იტანჯებოდა, ამდენი ადამიანი იქნა მოკლული და ახლა დიდი მშვიდობა გექნებათ… ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. გილოცავთ, შესანიშნავი ლიდერები ხართ, ისტორიაში შეხვალთ… ეს ნამდვილად ძალიან, ძალიან განსაკუთრებული რამეა,” - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ. „სომხეთი და აზერბაიჯანი იღებენ ვალდებულებას, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველანაირი ბრძოლა, გახსნან ვაჭრობა, მოგზაურობა და დიპლომატიური ურთიერთობები და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ ასევე ხელს აწერს ორმხრივ შეთანხმებას ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში. „ჩვენ ასევე ვაუქმებთ შეზღუდვებს აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.“ „ეს დიდი საქმეა,“ - განაცხადა ასევე დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისტორიულ სამიტზე. შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას გულისხმობს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების დასახელება - „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ - მისი ინიციატივა არ ყოფილა და მხარეებმა შესთავაზეს, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა. „თქვენ ისტორიაში შეხვალთ“ - მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და აშშ ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს ისტორიული დღეა ასევე ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექციის გაუქმებას - ჩანაწერს, რომელიც კრძალავდა შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას. „ჩვენ გადავშლით დაპირისპირებისა და სისხლისღვრის გვერდს და უზრუნველვყოფთ ჩვენი შვილებისთვის ნათელ და უსაფრთხო მომავალს,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. „დღევანდელი განცხადებები... იძლევა ნდობას და გარანტიას, რომ ჩვენ ვხსნით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თავს,“ - განაცხადა თავი მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. რას გულისხმობს კონკრეტულად შეთანხმებები შეთანხმება მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიაში გამავალ სტრატეგიულ სატრანზიტო დერფანზე, რომელსაც „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ეწოდება. არც ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია და არც აშშ-სთან ცალკეული ორმხრივი შეთანხმებები არ გამოქვეყნებულა. Reuters-ი წერს, რომ ჯერჯერობით არ არის ნათელი, თუ როგორ გადაჭრის პარასკევს ხელმოწერილი შეთანხმება ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა, საერთო საზღვრების დემარკაცია და ბაქოს მოთხოვნა ერევნის კონსტიტუციის შეცვლის შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ოფიციალურად მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. შეხვედრა ორ ლიდერს შორის დახურულ კარს მიღმა ორმხრივი დისკუსიებით გაგრძელდა შეხვედრების დასრულების შემდეგ, შედეგების შესახებ ოფიციალური განცხადებები ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებისთვის გაკეთდება. მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული სამშვიდობო სამიტი დაიწყება, რომელსაც ტრამპი მასპინძლობს. როგორც მედია წინასწარ წერდა, სამიტის ფარგლებში მხარეები ერთობლივ დეკლარაციას გამოაქვეყნებენ და სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ასევე მედიის ცნობით, სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთის სამხრეთში დაგეგმილი "ტრამპის მარშრუტის" ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების ფარგლებში აშშ-სთვის ექსკლუზიური უფლებების მინიჭებასაც მოიცავს. დერეფანს „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი,“ აკრონიმით TRIPP დაერქმევა. ფაშინიანი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა გამოცემა Axios-ი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა იდეა, რომ აშშ-სთვის სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე ნებართვის გაცემით, ის ვაშინგტონში მეგობარს და ძლიერ გარანტს შეიძენდა აზერბაიჯანის მხრიდან მომავალში შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ. ასევე Axios-თან საუბრისას, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება სომხეთს მსოფლიოსთვის გახსნის და ირანზე დაყრდნობის ნაცვლად, მათ ახლა მთავარ პარტნიორად აშშ ეყოლებათ.
თეთრ სახლში დასრულდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა. შეხვედრის დროს მხარეებმა სხვა თემებთან ერთად განიხილეს სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, სომხეთის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის შედეგად, სომხეთსა და აშშ-ს შორის დოკუმენტებს მოეწერა ხელი. ეს იყო ფაშინიან-ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ.
თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ახალი პროექტი - მოტოინსპექცია შეიქმნა. კახა კალაძის თქმით, მოტოინსპექცია დედაქალაქის იერსახის, გარემოს დანაგვიანების და აკუსტიკური ხმაურის კონტროლს, ასევე, სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოპერატიულ რეაგირებას განახორციელებს. „ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის პროექტს, რომელიც დაგვეხმარება დროში ეფექტურად და ოპერატიულად ვმართოთ წესრიგის დაცვის ღონისძიებები დედაქალაქის ტურისტულ და ისტორიულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მანვე განაცხადა, რომ მოტოინსპექცია აღიჭურვა ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით, სპეცეკიპირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. სამსახურის მიერ შესყიდულია 20 ერთეული ტრიციკლი.
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა საპატიმრო სასჯელი. დაცვის მხარე ბრალდებულის გამართლებას ითხოვდა. მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია, „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს.“
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ: პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი. მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი: ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია. აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას. თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ. პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა,“ - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, ბობ მეიერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებენ განცხადებას ხსენებულ საქმესთნ დაკავშირებით. „ბატონი მეიერის სარჩელი მიზნად ისახავდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (ADC) მისი ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურებას, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სთან დადებული ინვესტიციის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. 2025 წლის 30 ივლისს, ICSID-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონი მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების და საარბიტრაჟო პროცედურების კონკრეტული დეტალები კონფიდენციალურია. ICSID-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი: იყო თუ არა საქართველოს მთავრობა, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. მე გადავწყვიტე, განმეხორციელებინა ინვესტიცია ADC-ში და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი. ასევე, ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების – ADC-ის ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ, და გვჯეროდა ჩვენი საერთო უნარის, განგვევითარებინა ეს პორტის პროექტი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში,“ წერია განცხადებაში. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებით: „მიუხედავად იმისა, რომ ICSID-ის გადაწყვეტილება სამწუხაროა, ის არ ცვლის მთავარ ფაქტს – ამ მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება, ანაკლიის განვითარების შესახებ. საინვესტიციო ხელშეკრულების ADC-სთან შეწყვეტიდან სულ რამდენიმე კვირაში, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო ხუთწლიანი ცარიელი რიტორიკა და შეუსრულებელი დაპირებები ანაკლიის პორტის აშენების შესახებ. დღეს კი, ხუთი წლის შემდეგ, არ არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება არცერთ ინვესტორთან, მით უმეტეს არ არის დაწყებული მშენებლობა.“ ამ მთავრობას რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულებები და დახმარებოდა ADC-ს, ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს ქართველებისთვის, გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან რგოლად აქცევდა. ასე რომ მოქცეულიყო, ეს მთავრობა მსოფლიო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქნებოდა აღქმული, და არა იმ იზოლირებულ ფიგურად, რაც რეალურად გახდა.” 2020 წლის ივლისში ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურება.
ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ში აცხადებე, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული. უწყების ცნობით, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება,“ - აცხადებენ შსს-ში.
გუდაურში, ინდურ რესტორანში, 12 ადამაინის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. „შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე, მოწყობილ საძინებელ სივრცეში, ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ასევე, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ - კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციაზე დაკავებული აქტივისტის ს.ქ.-ს პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, 46 წლის მამაკაცი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით Facebook-ზე ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა და გაუვრცელა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ინტიმური შინაარსის ვიდეოფაილის სოციალური ქსელით გავრცელებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარდა საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი,” - ნათქვამია ინფორმაციაში. ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალპარსლან ბაირაქთარმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დღეს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა უახლოეს ხანში ყველა ენერგორესურსის ექსპორტი ზანგეზურის დერეფნით განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, ყველა პროექტი, რომელიც დაკავშირებულია აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების თურქეთში ექსპორტთან, მათ შორის ნავთობის, ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის, ბაქოსთან ერთობლივად განხორციელდება. „ამ მიმართულებით მიღწეულია პროგრესი. პროექტების მაგალითად, რომელთა რეალიზაციაც დღემდე ხდება, შემიძლია, გამოვყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზურუმი, ასევე, ინტერკონექტორი ნახიჩევანი-თურქეთი. დღეს ელექტროენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანიდან თურქეთში ხორციელდება საქართველოს გავლით, მაგრამ უახლოეს ხანში ყველა ენერგორესურსისა და სხვა ლოგისტიკური გადაწყვეტილებების თურქეთში მიწოდება მოხდება ზანგეზურის დერეფნით. ამასთან, ენერგორესურსები და ლოგისტიკური გადაწყვეტილებები ცენტრალურ აზიაში იქნება მიწოდებული თურქეთში აზერბაიჯანის გავლით, ხოლო თურქეთის გავლით – ევროპაში,“ – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
EXCLUSIVE ევროკავშირმა „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობა დაასრულა. ანგარიში მოიცავს საქართველოსაც, როგორც ინიციატივის მონაწილე შავი ზღვის აუზის ქვეყანას. დოკუმენტში, რომელსაც Europetime გაეცნო, მნიშვნელოვანი ნაწილი ენერგიისა და ტრანსპორტის სფეროს ეთმობა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტრანსპორტის სფეროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შავი ზღვის მოსაზღვრე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების საერთო საზრუნავი მოიცავს ნაოსნობის თავისუფლებას, საზღვაო უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს დაცვას. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა შავი ზღვის რამდენიმე სანაპირო ქვეყანაში საზღვაო ადმინისტრაციის ეფექტიანობა გაძლიერდეს. ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - შავი და კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მდგრადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ (BCSEA II), 2022 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. პროექტი ეხება საზღვაო უსაფრთხოებას და შავი ზღვის რეგიონში მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას, თურქეთსა და უკრაინას - საერთო ბიუჯეტი 3,5 მილიონი ევროა. „რუსეთის აგრესიული ომის შედეგები უკრაინის წინააღმდეგ, სცილდება შავი ზღვის რეგიონს და იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რაც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, როდესაც რუსეთი მუდმივად უმიზნებს საპორტო ინფრასტრუქტურასა და საწყობებს უკრაინაში. „შავ ზღვაში რუსეთი ხელს უშლის ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებას, უკრაინის შავი ზღვის პორტების საზღვაო ბლოკადის მცდელობით. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის პორტში, ოჩამჩირეში რუსეთის მიერ მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებამ უსაფრთხოების რისკები და გამოწვევები შემატა.“ ინფორმაციისთვის, ენერგეტიკული გაერთიანება მოიცავს ევროკავშირს, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს წევრებად, ხოლო თურქეთსა და სომხეთს დამკვირვებლებად.“ ვკითხულობთ დოკუმენტში. მისივე თანახმად, „მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და უკრაინა, ასევე აქტიური პარტნიორები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში - მთავარ დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს, დააჩქაროს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება, დაკავშირებადობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, მწვანე და ციფრულ გადასვლებს, ასევე - გაზრდილ თანამშრომლობას ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი. საქართველო „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო აქტიური მონაწილე იყო „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო. სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი რეგიონში ევროკავშირის ჩართულობისთვის. „ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო. ანგარიში Europetime რამდენიმე საკვანძო თემას გთავაზობთ კავშირები ევროკავშირის სხვა პოლიტიკასთან ან სტრატეგიებთან, რომლებიც აქტუალურია შავი ზღვის რეგიონისთვის „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და რეგიონში არსებული სხვა გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დააახლოვა უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო ევროკავშირთან - გრძელდება რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროებში. EaP კვლავაც იყო ნორმატიული მამოძრავებელი ტრანსფორმაცია პარტნიორებისთვის რეგიონში.“ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა - შავი ზღვის აუზის პროგრამა „2024 წლის იანვარში პროგრამამ დასაფინანსებლად შეარჩია 33 პროექტი, 110-ზე მეტი პარტნიორით. ისინი საქმიანობას უკვე 2024 წლიდან დაიწყებენ. წინადადებების მეორე მოწოდება 2024 წლის მარტში დაიწყო. შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის სხვა პრიორიტეტებთან და რეგიონში განხორციელებულ ინიციატივებთან სინერგიით მუშაობს. 11 მილიონი ევრო დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და გააძლიერებს სახელმწიფო ხელისუფლებების შესაძლებლობების განვითარებას, რაც ასევე შეესაბამება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებს. სულ ახლახან, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებით და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამა სულ უფრო სასარგებლო პლატფორმად იქცევა, რათა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნების გაწევრიანების გზას და ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას თანამშრომლობის საკითხებში, მათ შორის, შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებათა გაძლიერებით.“ ენერგია და ტრანსპორტი შავი ზღვის ყველა მეზობელი ვალდებულია, სისრულეში მოიყვანოს წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევა 2050 წლისთვის/ ან დაახლოებით 2050 წელს. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, ისევე როგორც მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ გლობალურ დაპირებას, გაასამმაგდეს განახლებადი ენერგიის სიმძლავრე და 2030 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით გაორმაგდება ენერგოეფექტურობა. რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვაში ოფშორული ქარის ენერგიის დარგში განვითარების პერსპექტივაზე მუშაობენ, როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი ტურბინებით. 16-მდე კომპანია ევროკავშირიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაერთიანდა, რათა ევროკავშირის დაფინანსებით შეიმუშაოს 5 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ქარის ტურბინის დემონსტრატორი, რომელიც შავი ზღვის პირობებზე იქნება ადაპტირებული. მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის ხელშეწყობისთვის, კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ბაზრის ინტეგრაციის მიზნით. მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობა 2022 წელს დაიწყეს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა, სადაც გაწევრიანების ინტერესებს უფრო მეტი რეგიონული პარტნიორი იჩენს. მიმდინარეობს კვლევა, რუმინეთისა და საქართველოს სანაპიროებს შორის მაღალი ძაბვის გადამცემი წყალქვეშა კაბელის შესაძლო გაყვანის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი სარგებლისთვის, ასევე სხვადასხვა შესაძლო სავაჭრო მარშრუტებზე რეგიონის მასშტაბით - ისეთი განახლებადი საწვავისთვის, როგორიცაა, წყალბადი. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონალურ პროექტებში, როგორიცაა, შავი ზღვის ელექტრო კაბელი. ევროკავშირმა შეიმუშავა მეთანის სფეროს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს პოლიტიკასა და აქტივობებს, რომლებიც გლობალურ დონეზე Global Methane Pledge-ის მექანიზმის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სომხეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი შეუერთდნენ Global Methane Pledge-ს და ამ ქვეყნებმა ყოვლისმომცველი შიდა გეგმა უნდა მიიღონ. ბევრი რამ არის გასაკეთებელი დაპირების მისაღწევად, პოლიტიკიდან დაწყებული ფინანსებით დამთავრებული, ანგარიშგების მონიტორინგამდე და გადამოწმებამდე, დაშავი ზღვის მიმდებარე დანარჩენ ქვეყნებთან ჩართვა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც წიაღისეულ საწვავს აწარმოებენ. საქართველო და უკრაინა უერთდებიან ამ პარტნიორობას, რომელიც ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთს მოიცავს. ეს პარტნიორობა მხარს უჭერს ინვესტიციებს ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სხვა ერთობლივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს მკვლევრების ჩართულობის წახალისებას შავი ზღვის სანაპიროს ყველა ქვეყნიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. რა არის „შავი ზღვის სინერგია ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ზემოთ აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა: (i) შავი ზღვის კავშირის პროექტების სწრაფი განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც შექმნილია ევროკავშირის დამატებითი პოლიტიკის მიხედვით; (ii) გააძლიერა და გაამარტივა თანამშრომლობა რეგიონის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა 2009, 2010 და 2012 წლების სამიტებზე. 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას არაერთხელ მოგვისმენია თქვენი კომენტარები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. როგორ შეესაბამება თქვენი ადრინდელი ვარაუდები/მოლოდინები ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის დღევანდელ დინამიკასა და პროცესს? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ჯონ ბასს. “დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც რუსეთი კვლავ ცდილობდა, ეკარნახა, როგორ უნდა ეცხოვრა მეზობელ ქვეყანას და ჰქონდეს თუ არა ამ ქვეყანას თავისუფალი არჩევანი, თავისი უსაფრთხოების დასაცავად იურთიერთოს, ამ შემთხვევაში NATO-სთან - ძალიან შემაშფოთებელია ევოლუციის დანახვა ბოლო წლებში, და განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ბოლო თვეებში. თუ ვინმე პირდაპირ იკითხავს, თუ როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი - ამაზე პასუხი არის ის, რომ საქართველო გახდება წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას, მათ შორის, დაიცვას პრინციპები, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპების ჩათვლით, რომ ხალხი თავისუფალია, აირჩიოს საკუთარი ლიდერები. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, ჩვენ არ გვინახავს საქართველოს პროგრესი ამ მიზნებისკენ. სამწუხაროდ, ბევრი უკუსვლა ვნახეთ,“ - აღნიშნა ბასმა საერთაშორისო და ქართული მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე. „როგორც აშშ-ის ელჩისთვის, რომელიც ბევრს მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოფილიყო პირობები, რათა "ქართული ოცნებისთვის" სამართლიანი კონკურენცია ყოფილიყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ღრმად შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ანადგურებს დემოკრატიული მმართველობისა და საზოგადოების საფუძვლებს. და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის დანახვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია,“ - განაცხადა ჯონ ბასმა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. ის აშშ-ის სენატმა 2021 წლის 17 დეკემბერს დაამტკიცა მენეჯმენტის საკითხებში მდივნის მოადგილედ. სახელმწიფო მდივანმა კი, 2024 წლის 23 მარტს დანიშნა ჯონ ბასი პოლიტიკურ საკითხებში მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. აშშ საქართველოს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე მიიწვევს NATO-ს ურთიერთობები საქართველოსთან
EXCLUSIVE Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უდასტურებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყოვლისმომცველი სტრატეგია უკვე აამოქმედა. სტრატეგია, რომელსაც Europetime გაეცნო, გულისხმობს გაზრდილ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩართულობას და სხვა მნიშვნელოვან აქტივობას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ხედვას ეფუძნება. „შეერთებული შტატები ამ სტრატეგიას უკვე ახორციელებს და მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო კოორდინაციას გავაგრძელებთ, რათა სტრატეგია, საერთო მიზნების მისაღწევად წინ წავწიოთ. მისი განხორციელების ვადები მიზანზე ან აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ზოგიერთი მიზანი, როგორიცაა, გაზრდილი პოლიტიკური ჩართულობა და შეტყობინებების გაგზავნა, მიმდინარე პროცესია; ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია. ჩვენი სტრატეგია უზრუნველყოფს მთლიანი მთავრობის ხედვას და ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მიმდინარე ძალისხმევა, განვავითაროთ სამომავლო ინიციატივები და განვაცხადოთ დაფინანსების მოთხოვნის შესახებ, მისი განხორციელების მხარდასაჭერად,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. რა არის შავი ზღვის სტრატეგია? სახელმწიფო დეპარტამენტში, Europetime-თან ამბობენ, რომ 2023 ფისკალური წლის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (NSC) აშშ-ის კონგრესი სთხოვდა, შავი ზღვის რეგიონის მხარდასაჭერად, შეემუშავებინა და განეხორციელებინა სტრატეგია, რომელიც გვთავაზობდა უსაფრთხო, აყვავებულ, ურთიერთდაკავშირებულ და მავნე ზეგავლენისგან, ეკონომიკური იძულებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრთხისგან თავისუფალ გარემოს, NSC-მ სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშის შემუშავების უფლებამოსილება უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე გადასცა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა გაზარდონ პოლიტიკური და დიპლომატიური ჩართულობა, უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ამერიკის მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ აცხადებენ აშშ-ის საგარეო უწყებაში. ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია - ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ეკონომიკური ზონა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები
Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ეტაპზე, აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის. ვაშინგტონი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მასშტაბირების საჭიროებაზე მიუთითებს. „ზოგადად, ჩვენ მივესალმებით და ვახალისებთ მრავალმხრივ ძალისხმევას, დასავლეთ ევროპისკენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული კავშირის მხარდასაჭერად. ასეთი ძალისხმევა ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, მდგრადი და აყვავებული რეგიონის შექმნას. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის “ინვესტორთა ფორუმი, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის საკოორდინაციო პლატფორმა და USAID Trade Central Asia მხოლოდ რამდენიმეა იმ პროგრამებიდან, რომლითაც შეერთებული შტატები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციის მხარდაჭერას აგრძელებს, ცენტრალურ აზიაში ჩვენს პარტნიორებთან კავშირის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით. C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონული თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, რომელიც ეხმარება რეგიონს, გადაჭრას საერთო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი (ცენტრალურ) აზიელი პარტნიორების ავტონომია და სუვერენიტეტი. 2023 წლის სექტემბერში გამართული C5+1 საპრეზიდენტო სამიტის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის მიზანიცაა PGI-ის მეშვეობით, ტრანსკასპიური დერეფნის დაკავშირებადობა, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მასშტაბირება, ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. PGI-ის მეშვეობით, შეერთებული შტატები ამჟამად აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება, ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ინფორმაციისთვის, PGI (აშშ) არის კოორდინატორის ოფისი გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების პარტნიორობისთვის (PGI) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აშშ-ის პრეზიდენტის G7+ ფლაგმანურ ინიციატივას სტრატეგიული, ღირებულებებზე ორიენტირებული და მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების განვითარებისთვის დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. ასევე წაიკითხეთ: ბულგარეთის ელჩი: საბორნე მიმოსვლის ხელშეკრულებას უფრო კონკრეტული და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს
ორი წელი ომიდან: პუტინმა აღიარა, რომ მიზანს ჯერ ვერ მიაღწია; უკრაინა აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია; ბაიდენის ადმინისტრაცია, კიევის დახმარების საკითხის გარშემო, კონგრესში მიმდინარე დავის ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელ სანქციებს“ აანონსებს. ომის მეორე წლისთავის წინ, პირველ თებერვალს კიევმა ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. თუმცა რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, კიევი კვლავ აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში „მიზანს ჯერ ვერ მიაღწია.“ კიევი და მისი მთავარი პარტნიორი - აშშ, რომელმაც ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება გაიღო უკრაინისთვის, ახლა რესურსების შეფერხების უარყოფით გავლენებზე უკვე მიუთითებენ. ბრძოლის ველზე მძიმე სურათია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი მიიჩნევს, რომ „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს, რადგან მას კატასტროფული მომავალი ექნება“: „რადგან მოსკოვს ნომინალური კონტროლის საზღვრებში 40 მილიონი მტერი ეყოლება,“ ამბობს გობლი Europetime-თან. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, ვიდრე კრემლი არ გააცნობიერებს, რომ ვერ გაიმარჯვებს,“ - მიიჩნევს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და მას მიეწოდოს ყველაფერი, რაც სჭირდება. პოლ გობლს, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, არ სჯერა, რომ პუტინი ოდესმე წაგებას აღიარებს. „პუტინი გააგრძელებს საკუთარი ქვეყნის მსხვერპლად შეწირვას, რათა ძალაუფლება სიკვდილამდე შეინარჩუნოს,“ ამბობს პოლ გობლი. ბაიდენის ადმინსტრაცია და უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებენ, რომ კონგრესი უკრაინისთვის კრიტიკულ დახმარებას დაამტკიცებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ავდიივკის დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგია. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა რუსეთის თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, ვიდრე საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა. „განსაკუთრებით საბრძოლო მასალის საარტილერიო სახეობები, რომლებიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ძალებისთვის უკრაინულ თავდაცვით ხაზებამდე მისვლასა და ამ პოზიციების დაპყრობაში შეეშალა ხელი,” - განაცხადა კირბიმ. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ კიევი „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება.“ „ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება - ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, რუსეთის უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში,“ - განაცხადა კულებამ. აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი აღნიშნავს, რომ ახლა თითოეული დღე გადამწყვეტია. „ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ. NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა თავის მხრივ, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა. გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ავდეევკის დაკავებას არ ექნება არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობა სიტუაციაზე. „ჩემზე, ისევე, როგორც ყველაზე, შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის გამძლეობამ, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა უმაგრებდა ზურგს, თუმცა ეს უკანასკნელი, მაგრამ არა პირველი, გარკვეულწილად, მცირდება,“ აღნიშნავს პოლ გობლი Europetime-თან. უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობს, დააჩქაროს ახალი დაფინანსების დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ არ არსებობს „გეგმა B“ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი უარს იტყვის ინიციატივის მხარდაჭერაზე. „ომი ჩიხშია და გარკვეული პერიოდია, ასე გრძელდება. როგორც ჩანს, გადამწყვეტი წინსვლა არცერთ მხარეს არ შეუძლია,“ ამბობს Europetime-თან კლაუს ლარესი - ჩრდილოეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, ვუდრო უილსონის საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსი, ლარესი ასევე გახლდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების მოწვეული მეცნიერი. ანალიტიკოსის შეფასებით, პუტინს სურს, დაელოდოს აშშ-ის არჩევნების შედეგს ნოემბერში. „შესაძლოა, ტრამპმა უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ დანამდვილებით ეს ჯერ არ ვიცით,“ - აღნიშნავს კლაუს ლარესი. ამერიკელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ შტატების დახმარება სიტუაციას ახლა ალბათ, შეცვლიდა, თუმცა დანამდვილებით, პროგნოზების გაკეთება რთულია. შტატებს უკვე მზად აქვს იმ დახმარების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნას უკრაინისთვის სასწრაფოდ გეგმავს, მას შემდეგ, თუ კონგრესი უკრაინისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის პაკეტს დაამტკიცებს. 23 თებერვალს, ომის მეორე წლისთავზე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ გამაბადგურებელი სანქციები დააანონსა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რუსთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზეა საუბარი 2024 წლის იანვარში, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშიც, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას ეხება. ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად. „რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია. საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი,“ წერს HRW. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ მარიუპოლში საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ომი დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო „გააცნობიერებს პუტინის საფრთხეს.“
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 19 მარტს თავისი ტურნე სამხრეთ კავკასიაში, ერევანში, სომხეთში ვიზიტით დაასრულა, სადაც პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ეს ამ რანგში სტოლტენბერგის სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტი იყო, რადგან ის NATO-ს გენმდივნის პოსტს წელს დატოვებს. ფოტო - ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტოლტენბერგის ვიზიტზე კომენტირებისას, კრემლმა სამშაბათსვე განაცხადა, რომ ბლოკის მცდელობებმა, „გააფართოოს თავისი ყოფნა ამ ტერიტორიაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს სტაბილურობას.“ კრემლს ხშირად შეახსენებენ, რომ NATO დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია და მისი კარი ღიაა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის, რომლებიც თავად წყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა NATO-ს. NATO არასოდეს აიძულებს ვინმეს, ალიანსში გაწევრიანდეს. „ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება,“ ამბობენ ალიანსში. როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგმა სამდღიანი ვიზიტისას მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ლიდერებთან.“ საგულისხმოა, რომ სტოლტენბერგს სამივე ქვეყანაში ერთი გამოკვეთილი გზავნილი ჰქონდა - მეტი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად. „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა დღეს, სომხეთში ვიზიტისას, სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“ მან გაიმეორა ის, რაც თქვა მათ შორის, თბილისში, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.“ ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე. „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი აზერბაიჯანში - “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის“ სტოლტენბერგმა ბაქოში განაცხდა, რომ მოუთმენლად ელის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. „მშვიდობა ამ რეგიონში ძალზე მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის, ჩრდილო ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, მშვიდობა, სტაბილურობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ აქ, არამედ, უსაფრთხოება - უფრო ფართოდ. „სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. მე ვაფასებ იმას, რასაც ამბობთ, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. და მე შემიძლია, უბრალოდ, მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად,“ განმარტა სტოლტენბერგმა. ამასთან, NATO-ს გენდმივანმა უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას. მან თბილისისა და ერევნის მსგავსად, ბაქოშიც გაიმეორა, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარებაა საჭირო. სტოლტენბერგმა რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, როცა უფრო ფართო რეგიონს ვუყურებთ, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა. ეს არის NATO-ს პარტნიორი ქვეყანა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოკავშირეები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მიმდინარე ომის შედეგებით და მხარს უჭერენ უკრაინას. მივესალმები იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანიც უწევს უკრაინას. ასევე, როდესაც საქმე ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ეს ძალიან საჭიროა, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. აზერბაიჯანში ვიზიტისას მან ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ენერგეტიკა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს NATO-ს რამდენიმე მოკავშირესთან და რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში NATO-ს მთავარი მოკავშირეებისთვის არამარტო გაზის, არამედ, მომავალში ელექტროენერგიის მიწოდებაში და, შესაბამისად, თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ჩვენი საზოგადოებების გამძლეობისთვის,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი საქართველოში - „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სტოლტენბერგის ჩამოსვლას საქართველოში „საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილებია,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა NATO-ს ცნობით. მან მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დასძინა, რომ რუსეთის მიერ “არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა. ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და მათ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს. "რუსეთი აგრძელებს იმპერიული ამბიციებისკენ სწრაფვას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. „მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს, ხელახლა გახსნას მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ აღნიშნა NATO-ს გენმდივანმა. ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა განიხილა საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები. ალიანსი აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა NATO-ს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული, აპირებს, საბოლოოდ გახდეს NATO-ს წევრი, ხოლო აზერბაიჯანს მჭიდრო კავშირები აქვს NATO-ს წევრ თურქეთთან. სომხეთის შეფასებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, რეგიონში ვითარებას ცვლის. NATO-ს გენერალურმა მდივანმა თბილისს ვიზიტის დროს გადასცა, რომ რასაც ის აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ ქვეყანა NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე გახდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივნის ტურნეს შეფასება ვთხოვეთ, ამბობს რომ სტოლტენბერგმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით ხაზი გაუსვა, რომ გლობალურად მზარდია რუსული საფრთხე დასავლეთისთვის და სწორედ მასზე საპასუხო ზომების ირგვლივ პარტნიორების კოორდინაციას ცდილობს სტოლტენბერგი. „მჯერა, რომ ეს იყო ხაზგასმა გლობალურად მზარდი რუსული საფრთხისა დასავლეთისთვის და ასევე ერთგვარი ინფორმირება დასავლეთის მხრიდან საპახუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გახდეს ხილვადი ყველასთვის, ვინც შეიძლება, ამ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს და აქედან გამომდინარე, მათ სურთ თანამშრომლობა,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილმა ანალიტიკოსმა პოლ გობლმა.