თეგი: "თავისუფლების მოედანი"
"თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს
"თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 31 ოქტომბერს თბილისში, დედაენის ბაღში გამართულ საინფორმაციო შეკრებაზე განაცხადეს, რომ მოძრაობის მიზანი იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არსებული სავარაუდო დარღვევების გამოვლენა და იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც გაყალბების სქემაში მონაწილეობდნენ. „ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება საყოველთაო, იქნება მშვიდობიანი, იქნება დემოკრატიული და იქნება კანონიერი. ამ მოძრაობის ადგილი იქნება ყველგან - ჩვენ ვიმოქმედებთ ქუჩებშიც, ვიმოქმედებთ აუდიტორიებშიც, პარკებში, არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ყველა რაიონში, ქალაქში და სოფელში. ჩვენ შევეცდებით გამოვიძიოთ გაყალბება, რაც მოხდა,“ - განაცხადა "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ. მისი თქმით, ჩაატარებენ სხვადასხვა ტიპის აქციებს, რომლებსაც არ ექნება მასობრივი ხასიათი. "ეს იქნება აქციები, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას უჩვენებენ, თუ რა მოხდა საქართველოში და რატომ არის ამაზე მათი რეაგირება მნიშვნელოვანი." სიმონ ჯანაშიას თქმით, ხვალ, პირველ, ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, შემდგომ ნაბიჯებზე სამსჯელოდ პარკ "მზიურში" შეიკრიბებიან. მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" არის კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაცია. არჩევნებში კოალიციამ ამომრჩევლის 8,81%-იანი მხარდაჭერა მიიღო. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. „ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები გამოძიებას ითხოვენ.