თეგი: "თელმიკო"

„თელმიკოს“ მიერ დარიცხული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთვება

„თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებული საკითხის გარშემო მოსახლეობას უმოკლეს ვადებში გაეცეს არგუმენტირებული პასუხი. „ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენი თანამოქალაქეები არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს იღებენ, რაც დამატებითი სპეკულაციების საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და განმარტა, რომ სემეკ-ის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელმიკოს“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სრული სურათის დასადგენად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ გამოძიების შედეგი. თუ დარღვევა არ აღმოჩნდა, ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.