თეგი: "ჩვენი ჯარი"
პროექტი „ჩვენი ჯარი“ განახლდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პროექტს „ჩვენი ჯარი“ აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში შეჩერებული პროექტი 2022-2023 სასწავლო წელს განახლდა. სამხედრო მოსამსახურეები პირველად აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თემატური ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანების, ეროვნული გმირების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სამსახურისა და განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, შესახებ გაესაუბრნენ. ჯარისკაცებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა და მიზნებიც გააცნეს და მოგვიანებით მათთვის საინტერესი კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს რეგულარულად ეწვევიან და ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ აქტუალურ ინფორმაციებსა და სიახლეებს პირადად მიაწვდიან.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თბილისის N 64-ე საჯარო სკოლას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ. გენერალ-მაიორი მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობაც გააცნეს. უფროსკლასელებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის „ჩვენი ჯარი“' საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
საჯარო სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ დასრულდა
პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებისა და ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებდა, წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ოფიცრები და სერჟანტები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 1 301 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. ჯარისკაცები მაღალი კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად ხვდებოდნენ და ჯარისკაცის პროფესიას, ეროვნული გმირების ისტორიებს, სამხედრო მოსამსახურის დღის განრიგს, თავდაცვის ძალებში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებს, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებს, ჯარში მოქმედ ბენეფიტებს, თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს აცნობდნენ. სალექციო-დისკუსიური ხასიათის გაცნობით შეხვედრებზე, მოსწავლეებსა და პედაგოგებს თემატური ვიდეორგოლებისა და ფოტომასალის ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა ერთ-ერთი ბოლო სკოლაა, რომელსაც ჯარისკაცები ესტუმრნენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს პრეზენტაცია წარუდგინეს. სასწავლო წლის განმავლობაში ახალგაზრდები განსაკუთრებით თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამსახურის ფორმებით, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებებით, სამხედრო წოდებებითა და კარიერული წინსვლის სისტემით, ეროვნულ გმირებთან დაკავშირებული ისტორიებით, ქართული სამხედრო მრეწველობით, სამხედრო ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურითა და პირობებით, სამოქალაქო და სამხედრო ცხოვრების ურთიერთშეთავსებით ინტერესდებობდნენ. მოსწავლეების ნაწილი სწავლის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაგრძელების, ასევე, აქტიური რეზერვის პროგრამის გავლის სურვილს გამოთქვამდა. როგორც თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, პროექტს, რომელიც 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. სკოლების გარდა, „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთანაც მართავენ.
თავდაცვის სამინისტრო: პროექტი „ჩვენი ჯარი“ მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით დასრულდა
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ წარმატებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეების შემდეგ, გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრებს სტუდენტებთან მართავდნენ. „სამხედრო მოსამსახურეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტს სტუმრობდნენ და ახალგაზრდებს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს პირადად აცნობდნენ. სტუდენტებთან შეხვედრებზე, რაც დიდწილად ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სიახლეები ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები მათ თავდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებსაც აცნობდნენ. პროექტის ფარგლებში წლის ბოლო შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაიმართა. თავდაცვის უწყება პროექტს „ჩვენი ჯარი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.