თეგი: "ჰამასი"

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის სექტორში სახმელეთო მოქმედებებს ეტაპობრივად ვაფართოებთ

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა გაიზარდა. „ღამის განმავლობაში ჩვენ გავზარდეთ ისრაელის თავდაცვის ძალების შესვლა ღაზას სექტორში და ისინი შეუერთდნენ იქ უკვე მებრძოლ ძალებს,“ - აღნიშნა თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა. მისი თქმით, სახმელეთო ოპერაცია ისრაელის ძალებისთვის რისკებს შეიცავს. „სახმელეთო ოპერაცია რთულია და რისკებს შეიცავს ჩვენი ძალებისთვისაც. ყველაფერს გავაკეთებთ - ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან - ჩვენი ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ომის მიზნების მისაღწევად,“ - აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს. ამის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. მეთიუ მილერის თქმით, გენოციდი არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქმედება, რომლის ჩადენაც ნებისმიერ სუბიექტს ან ინდივიდს შეუძლია და ასეთი ბრალდებები მხოლოდ დიდი სიფრთხილით უნდა ისმოდეს. „ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ ტერორისტული აქტებისგან - ქმედებებისგან, რომელთან დაკავშირებითაც „ჰამასმა“ პირობა დადო, რომ გაიმეორებს ისრაელის სრულ განადგურებამდე. ისრაელი მოქმედებს განსაკუთრებულად რთულ გარემოში ღაზაში, ურბანული ბრძოლის სივრცეში, სადაც „ჰამასი“ განზრახ იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან,” - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, დღეს, 11 იანვარს ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო იწყებს მოსმენებს ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები „გენოციდის ხასიათს ატარებს."