თეგი: Азбука
ასზე მეტი ქართველი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი, მოსკოვის საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლების, ილუსტრატორების და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილი მოსკოვის საბავშვო ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, ქართული ლიტერატურული საზოგადოებისა და განსაკუთრებით საბავშვო მწერლებისთვის მიუღებელია მოსკოვში დაგეგმილ საბავშვო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობდა. განცხადების თანახმად, დსთ-ის ქვეყნების მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წარმომადგენლებიც. „ფაქტი, რომ მოსკოვი და რუსეთის დამნაშავე რეჟიმი, რომლის სისხლიან პოლიტიკას სხვადასხვა დროს საქართველოს არაერთი მოქალაქე ბავშვი ემსხვერპლა და რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომში ისევ ბავშვებს კლავს, საბავშვო წიგნის ფესტივალს მართავს, ზედმიწევნით ცინიკურია და მასში მონაწილეობის მიღება ყველაზე ბნელი და ძალადობრივი რეჟიმის, ბავშვთა მკვლელების მხარეს დგომაა. ქართველი საბავშვო მწერლები გმობენ ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, ხოლო ქართული ლიტერატურული საზოგადოება მოითხოვს, გაირკვეს რომელი ორგანიზაცია მონაწილეობს მასში ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს სახელით. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის კერძო კომპანია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო სტრუქტურა. ოკუპანტ ქვეყანაში, მსგავს ფორუმებზე, საქართველოს სახელით, არ უნდა მონაწილეობდეს არცერთი შემოქმედებითი გაერთიანება. მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ უმძიმესი პროცესის დასაწყისი, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა გადადის ჩვენი ქვეყნის დაპყრობისა და დამორჩილების საშიშ ეტაპზე და ცდილობს მის მიერ შექმნილი და დაფინანსებული ორგანიზაციებით, მედიასაშუალებებითა და ბინძური პროპაგანდისტული ძალებით, საქართველო წარადგინოს სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეებში, ჯერ თავად რუსეთში, ხოლო შემდეგ – საერთაშორისო პლატფორმებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში. ხელმომწერები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ ის კატეგორიულად ემიჯნება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ყველა მსგავს ინიციატივას და გმობს მასში საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ დონეზე მონაწილეობას; გამოიძიოს ფონდ „აზბუკას“ წარმომავლობა, საქმიანობა და მიზნები; დაადგინოს და საზოგადოებას დეტალურად აცნობოს იმ სახელოვნებო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც რუსული ფულით ფინანსდებიან და ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმის პროპაგანდას ემსახურებიან. მოვითხოვთ, დაიბლოკოს ყველა მსგავსი, მოღალატეობრივი ინიციატივა. საქართველოს კანონმდებლობით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რუსეთი განსაზღვრულია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა და ჩვენ მოვითხოვთ ამ კანონის უმკაცრესად დაცვას. მოსკოვში ბავშვთა და მოზარდთა წიგნების საერთაშორისო ფორუმი იმართება სახელწოდებით „საბავშვო ლიტერატურის ენაზე: თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სფეროში“. ღონისძიების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობენ თბილისის კულტურის ცენტრის „Азбука“-ს წარმომადგენლები. კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ნინო ჯაფარიძე და განათლების ფსიქოლოგი ნანა ხოტივრიშვილი არიან. „Азбука“-ს ვებგვერდის თანახმად, ის არის რუსული ენის ცენტრი, ცენტრის პარტნიორებს შორისაა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია. „ცენტრის მთავარი მიზანია რუსული ენის გავრცელება ენის კურსების საშუალებით, ასევე ლიტერატურული საღამოების, სხვადასხვა სახის ღონისძიებების, კონკურსებისა და მასტერკლასების მოწყობა“, - ნათქვამია „აზბუკას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. რუსეთის სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორის მარია ვედენიაპინას თქმით, ღონისძიებაში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას.