თეგი: აარუნ ვენკატარამანი

ეკომომიკის მინისტრის მოადგილე აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, შეხვედრა გამართა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწესთან აარუნ ვენკატარამანთან. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას. მისი თქმით, ორი ქვეყნის სავაჭრო ბალანსი დადებითი დინამიკით ხასიათდება, ხოლო აშშ-ს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის მე-7 ადგილი უკავია. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში კომერციის დეპარტამენტის მიერ „სერტიფიცირებული სავაჭრო მისიის" დაგეგმილ ვიზიტზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში შედგება. გენადი არველაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობზე და სახელმწიფო პროექტებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე ლოგისტიკის განვითარების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შესაძლო პარტნიორების მოძიების მიზნით. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან. „ამერიკულმა მხარემ ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოზიტიურად შეაფასა. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ვაჭრობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორებში,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.