თეგი: აბას არაღჩი
ირანელი მინისტრის თქმით, მომიტინგეების სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად. Fox News-თან ინტერვიუს დროს, არაღჩის მიმართა ჟურნალისტმა, რომ შეფასებების თანახმად, მის ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 2500-დან 12000-მდე მერყეობდეს, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ დაღუპულია ასობით ადამიანი. „როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული უჯრედები. ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს „დაეშის“ სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა პოლიციელებისა და ასევე ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ,“ - აღნიშნა არაღჩიმ. მისი თქმით, ამ „თაღლითმა, ტერორისტების მსგავსმა აქტორებმა“ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმრთულებით სროლა ერთი მიზნით დაიწყეს: შეერთებული შტატების კონფლიქტში ჩათრევის მიზნით. „მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა. მათ სურდათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა. ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულება იყო. მათ სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდა დაიწყეს ჩვეულებრივი ადამიანების, პოლიციელების მკვლელობით, სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი ბრძოლის დაწყებით,“ - აღნიშნა არაღჩიმ. ირანელი მაღალჩინოსნის მტკიცებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. ირანელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა. „ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. იმედი ვიქონიოთ, რომ სიბრძნე გაიმარჯვებს. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალ დონეს, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს,“ - აღნიშნა არაღჩიმ. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში არსებული ბაზებიდან პერსონალის ნაწილს გაიყვანს. მანამდე, ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თეირანმა მეზობლები გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის დარტყმის შემთხვევაში, ამერიკულ ბაზებს დაარტყამდა. CBS News-ის ცნობით, აშშ კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე პერსონალის რაოდენობას ამცირებს, რასაც ოფიციალურმა პირებმა „პრევენციული ზომა“ უწოდეს. უფლებადამცველმა ჯგუფმა 13 იანვარს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ირანში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 571-ს მიაღწია. HRANA-ს ინფორმაციით, დადასტურებულია 2 403 მომიტინგის, მთავრობასთან დაკავშირებული 147 პირის, 12 ბავშვისა და 9 შემთხვევითი გამვლელის სიკვდილი. ორგანიზაციამ ასევე დაადასტურა 18 434 პირის დაკავება, ტელევიზიით გადაცემული იძულებითი აღიარების 97 შემთხვევა და მძიმე დაზიანებების შესახებ მიღებული 1 134 შეტყობინება. ირანის ადამიანის უფლებათა ასოციაცია „გმობს მომიტინგეების წინააღმდეგ სასიკვდილო ძალის გამოყენებას და გამოდის გაფრთხილებით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა გამოიყენება მკვლელობების დასამალად, ინფორმაციის ჩასახშობად და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისგების თავიდან ასაცილებლად.“ დონალ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტმა 13 იანვარს ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ პროტესტი. მანვე აღნიშნა, რომ „დახმარება გზაშია“, თუმცა ტრამპს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ სამ იანვარს პირველად ისაუბრა ქვეყანაში დაწყებულ, მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე და განაცხადა, რომ "არეულობათა მონაწილეების" მიმართ მკაცრი ზომები უნდა იყოს გამოყენებული. 3 იანვარს სატელევიზიო გამოსვლაში მან ირანის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენელთა მსგავსად, საფუძვლიანი უწოდა ეროვნული ფულის ერთეულის ვარდნის ფოზე არსებულ შეშფოთებას, თუმცა ხამენეიმ აღნიშნა, რომ უკმაყოფილება არ უნდა იყოს გამოყენებული საიმისოდ, რომ გაჩაღდეს "პოლიტიკური პროტესტი", ირანის მიმართ მტრულად განწყობილი საგარეო ძალების ინტერესების პასუხად. ირანში დემონსტრაციები 28 დეკემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანული რიალი მკვეთრად გაუფასურდა და ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.