თეგი: აბდულკადირ ურალოღლუ
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები გაიზრდება“ - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა გაიზრდება, ხოლო თურქეთი და ყაზახეთი დიგიტალიზაციის, საბაჟოზე წესების გამარტივებისა და ერთობლივი საინვესტიციო ძალისხმევის საკითხებში ითანამშრომლებენ. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აცხადებს. აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს სარკინიგზო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიზანიც შუა დერეფნის გასწვრივ სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობისა და მომსახურების ხარისხის გაზრდაა. თურქული სააგენტო Anadolu წერს, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის ბოლო ვიზიტის დროს, თურქეთშ მიღწეულ შეთანხმებას ორივე მხარე სტრატეგიულ- ლოგისტიკური თანამშრომლობის ეტაპად მიიჩნევს. „ჩვენ დავიწყებთ ბლოკ-მატარებლების რეგულარულ მომსახურებას თურქეთსა და ყაზახეთს შორის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები გაიზრდება,“ - განუცხადა ურალოღლუმ Anadolu-ს. მისი თქმით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორმხრივ ტვირთების გადაადგილებას ჩინეთ-ევროპისა და ჩინეთ-აფრიკის მარშრუტებზე, მხარს დაუჭერს მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურას და დანერგავს კონკურენტულ ტარიფებს მეტი სატვირთო ოპერატორის მოსაზიდად. შეთანხმება ასევე მოიცავს თანამშრომლობას ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, დიგიტალიზაცია, საბაჟოზე წესების გამარტივება და ერთობლივი საინვესტიციო ინიციატივები. „აღჭურვილობის გადაცემა, ნოუ-ჰაუს გაზიარება, გამარტივებული საბაჟო პროცედურები და ციფრული ინსტრუმენტების უფრო ფართო გამოყენება სატრანსპორტო დოკუმენტაციაში, ფოკუსირებული სფეროებია,“ - აღნიშნა ურალოღლუმ. მანვე განაცხადა, რომ შეთანხმების მიზანია თურქეთისა და ყაზახეთის გლობალური ლოგისტიკის როლის გაძლიერება, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება. „ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაფართოება და შუა დერეფნის განვითარება“ - რა შეთანხმებები გააფორმეს ასტანამ და ანკარამ