თეგი: აბიტურიენტები

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტთა და დასაქმებული პერსონალის დროულად გამოცხადებისა და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს 10 აგვისტომდე.  

შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე საშუალება ექნებათ, იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. „შეგახსენებთ, რომ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. ცენტრი ასევე შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება“, – განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მათივე ცნობით, 2022 წელს 116 900-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 881. „წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შედეგი. შეფასება შეიცვალა სულ 1 546 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1,32 %-ია. ქულა მოემატა 1 512 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 34 ნაშრომის შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისთვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ“,- განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.  

სოფო გორგოძე: ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. 2022 წლის მონაცემებით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა „სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა. სად გააგრძელებენ სწავლას და რა რაოდენობის გრანტი მიიღეს, ინფორმაცია ამის შესახებ დღეს 12:00 საათზე online.naec.ge-ზე გამოქვეყნდა. სულ სახელმწიფოს აბიტურიენტებისთვის დაფინანსების მიზნით გამოყოფილი აქვს 12 მილიონზე მეტი. წელს საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო აბიტურიენტების, 41 000-ზე მეტი, შესაბამისად, ჩარიცხულებიც გვყავს ყველაზე დიდი რაოდენობის ბოლო 2-3 წელიწადში. როგორც წესი, 28-29 000 იყო ხოლმე ჩარიცხული, წელს გვყავს 32 100-ზე მეტი ჩარიცხული. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ. გრანტთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილება არ არის. 8 000 არის ისეთი, რომელიც გამოეთიშა კონკურსს, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ზღვარი გადალახული ჰქონდათ ყველა საგანში, თუმცა იმის გამო, რომ არ აირჩიეს საკმარისი რაოდენობის პროგრამები, ან აირჩიეს ისეთი პროგრამები, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, გამოეთიშნენ კონკურსს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება    

დასახელდა სპეციალობები, რომლებიც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მოთხოვნადი იყო

მოთხოვნადი იყო შემდეგი სპეციალობები: ფსიქოლოგია, სამართალი, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებები, განსაკუთრებულად მაღალი იყო მოთხოვნა ბიზნესადმინისტრირებასა და ჯანდაცვის მიმართულებებზე, - სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ ის სპეციალობები დაასახელა, რომლებიც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე, ყველაზე მოთხოვნადი იყო. სოფო გორგოძე: ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა „წელსაც, კონკურსი განსაკუთრებულად მაღალი იყო. ამასთან, მოთხოვნადი იყო შემდეგი სპეციალობები: ფსიქოლოგია, სამართალი, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებები, განსაკუთრებულად მაღალი იყო მოთხოვნა ბიზნესადმინისტრირებასა და ჯანდაცვის მიმართულებებზე. ჯანდაცვის მიმართულებაში ვგულისხმობ დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგის პროგრამებს“, - განაცხადა გაბუნიამ. 2022 წლის მონაცემებით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა