თეგი: აბრამ პეილი

რა მიზნით ეწვია საქართველოს ირანის საკითხებში აშშ-ის სპეცწარმომადგენლის მოადგილე

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე ირანის საკითხებში აბრამ პეილი ირანის წინააღმდეგ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, ქართველ ოფიციალურ პირებთან გამართულ „პროდუქტიულ შეხვედრებზე“ საუბრობს. პეილი საქართველოში იმყოფებოდა სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში. პეილიმ აღნიშნა, რომ მას ირანის, ადამიანის უფლებებისა და სანქციების გაგრძელების მნიშვნელობის შესახებ პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდა თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და კერძო სექტორთან. „კონსტრუქციული მოგზაურობა მქონდა სამხრეთ კავკასიაში, სადაც შევხვდი მაღალჩინოსნებსა და კერძო სექტორს, რათა მესაუბრა ირანის რეჟიმზე, სანქციების აღსრულებასა და რეჟიმის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევის მცდელობებზე. აშშ-ის მიზანია, იმუშაოს ჩვენს პარტნიორებთან, რეგიონში პოზიტიური ხედვის წინსვლისთვის,“ აღნიშნავს პეილი ვიდეომიმართვაში. თავის მხრივ, ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ირანთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებულ ზომებსა და გაწეულ სამუშაოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სებ-ი დროულად და ეფექტიანად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. აბრამ პეილი არის აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე ირანის საკითხებში. ის ამ პოზიციაზე 2023 წლის მარტიდან მუშაობს. მანამდე იყო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ჩინეთში, საუდის არაბეთში, ერაყსა და ისრაელში, ასეევ, ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში. აბრამ პეილი 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის თებერვლამდე იემენის საკითხებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოში დირექტორად მუშაობდა. ცნობისთვის, პეილი ჯერ სომხეთში და შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. მისი ტური ბაქოში დასრულდა. აზერბაიჯან-ისრაელის მჭიდრო კავშირები, აზერბაიჯანსა და ირანს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზია. ირაული მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილის ვიზიტი ემთხვევა იმ დროს, როდესაც თეირანი და ბაქო უახლოვდებიან შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, რომელიც 2023 წლის დასაწყისში თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ გაწყდა. ასევე შეგახსენებთ, ირანის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არ შეგუებიან სომხეთთან საერთო საზღვრისა და სატრანსპორტო კავშირების ჩამორთმევის მცდელობებს. სომხეთისა და ირანის მთავრობებმა პირობა დადეს, რომ ხელს შეუწყობენ ორმხრივი ვაჭრობის გაზრდას. მათი ერთობლივი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ბოლოს თეირანში, თებერვალში შეიკრიბა. სამი კვირის შემდეგ ირანის დედაქალაქს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია.