თეგი: ადიგენი
აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის გზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში, კომპანია“მაქრო კონტრაქშენის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები შრომის შეუსაბამო ანაზღაურებას და აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ მუშაობას აპროტესტებენ. მათივე თქმით, თანამშრომლებს კომპანიის ხელმძღვანელობა სამსახურიდან უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად ათავისუფლებს, "შრომითი ხელშეკრულება კი თვალით არ უნახავთ". ცნობისთვის, ორგანიზაცია "მაქრო კონტრაქშენი" აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობას ემსახურება.
ადიგენში, 25 წლის კაცი საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში 25 წლის კაცი, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე, რა გახდა ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი, უცნობია. როგორც ცნობილია, პოლიციამ ოჯახიდან გარდაცვლილის პირადი ტექნიკა წაიღო. ამასთან, ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სახალხო დამცველი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
საქართველოს სახალხო დამცველი ადიგენში მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. „საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს 8 მარტს, ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება,“ წერი გავრცელებულ განცხადებაში. რადიო თავისუფლების ცნობით, ინციდენტი 8 მარტს, დაბა ადიგენში მოხდა. კერძო პირის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები შეიკრიბნენ და მუსლიმებს იქ ლოცვის ჩატარება აუკრძალეს. მათი თქმით, ერთი დღით ადრე, ადიგენის მართლმადიდებლები და მუსლიმები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის, "მეჩეთად არ გადააქცევდნენ" და მუსლიმური ტრადიციით, ყოველ პარასკევს იქ ლოცვას არ ჩაატარებდნენ. ადგილზე შეკრებილთა განცხადებით, ხუთშაბათს მათ სახლის მეპატრონისგან მიიღეს ეს პირობა, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენზე: ვგმობთ რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტო განცხადებაში გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის. სააგენტო ასევე მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში. „სააგენტოსთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია და გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის. სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწრაფესად დარეგულირდება. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია საქართველოში და ამის ხმამაღლა აღიარება არაერთხელ მომხდარა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რელიგიის საკითხებზე მომუშავე მაღალი რანგის პირების მიერ. სააგენტო მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სისტემატური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მისი რეგიონული კოორდინატორი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საკითხში. სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ სეკულარიზმის პრინციპების შესაბამისად. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დასაწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული საკითხის დარეგულირებაში და მომავალშიც მზადაა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესების დასაცავად,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. სახალხო დამცველი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
შსს ადიგენზე: სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა ადიგენში, მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მისულ საზოგადოებას მიმართავს. უწყება განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონით დაგდენილ გამოხატვის თავისუფლებას არ გასცდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში. მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,” - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, დღეს, 5 აპრილს, დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე, იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ორსართულიანი შენობა მუსლიმი თემის ერთ-ერთ წევრის, მერაბ მიქელაძის საკუთრებაა. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმები კერო სივრცეში აღავლენენ ლოცვას, გარეთ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს „სახლი მეჩეთად არ შეიძლება იქცეს.“