თეგი: ავსტრიის კანცლერი
ავსტრიის კანცლერი: რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა, მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და ძლიერი NATO
რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა, მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და ძლიერი NATO, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდეს NATO-ს, ფინეთსა და შვედეთზეა ლაპარაკი, ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დაჩქარდა, უფრო დინამიური გახდა დისკუსია, თუ როგორ უდნა იქნას უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი NATO-ში გაწევრიანება. იცით, რომ სამი ქვეყანა ნეიტრალურია: ავსტრია, ირლანდია, მალტა და კვიპროსი, რომლებიც ალიანსებში არ ერთიანდებიან. ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, ხედვები შეცვლილია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იცვლება NATO და სინამდვილეში ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე და არის იმის დასტური, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და უფრო ძლიერი NATO და NATO, რომელიც მზად არის, უფრო დიდი თანხები ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დიდი გლობალური, სტრატეგიული მიზნები ამ ყველაფრით, ამის შედეგად ვერ იქნება მიღწეული“, – განაცხადა კანცლერმა.
საქართველო მიმზიდველია ინვესტიციებისთვის, ჩვენ მივესალმებით ავსტრიული კომპანიების შემოსვლას - ირაკლი ღარიბაშვილი
ავსტრია-საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებით, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ ბოლო ორი წელია შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა. 2021 წელს ზრდა იყო 10,5%, 2022 წელს 10%. რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის“, - განახადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ინვესტიციების მიმზიდველობის თვალსაზრისით. „ჩვენ ვართ მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების სიმარტივით. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერების მქონე ქვეყანა და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ავსტრიული კომპანიების შემოსვლას საქართველოში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.