თეგი: აკრძალული ზონები
ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო სივრცის დროებით აკრძალული ზონები განსაზღვრეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა „დროებითი შეზღუდული საჰაერო სივრცის ზონების შექმნის შესახებ“ დადგენილება მიიღო. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება „სამხედრო ან ტერორისტული ხასიათის საფრთხისგან დაცვის მიზნით“ მიიღეს. დოკუმენტს ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მოაწერა. საჰაერო სივრცის აკრძალული ზონები წესდება: „ადმინისტრაციული კონპექლების შენობების, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანოებისა და ობიექტების, აფხაზეთში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის რუსული), სამხედრო ობიექტებისა და თავდაცვის დანიშნულების ნაგებობების, სახელმწიფოს მატერიალური ფასეულობების მარაგებისა და სამობილიზაციო რეზერვების განთავსების ობიექტების თავზე“. მაგალითად აკძალული ზონა წესდება „რუსეთის საელჩოს“, „რუსეთის ელჩის რეზიდენციის“, „სახელმწიფო აგარაკების „ახალი ათონის“ „მიუსერის“ „ლდზაას“ თავზე. რეზოლუცია კრძალავს ამ ადგილებში საჰაერო სივრცის გამოყენებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს. გამონაკლისებს შორისაა ფრენები სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ოპერატიული ამოცანების შესასრულებლად. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ასევე აკრძალა დრონების ფრენა სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავს. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის აფხაზეთში ვიზიტის შედეგად ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორი რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element-ია, რომელიც შედგება კომპანიებისგან, რომლებიც აკონტროლებენ ან შედიან ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, რადგან ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ინფორმაცია 2006 წელს ამოიღო.